უკრაინამ აკრძალა პუტინის მეგობრის – მედვედჩუკის პრორუსული პარტია

21-06-2022 09:56:49 ევროპა

უკრაინის სასამართლომ აკრძალა პრორუსული ოპოზიციური პლატფორმა, პარტია "სიცოცხლისთვის", (OPZZh) რომელსაც ხელმძღვანელობს კრემლთან დაახლოებული პოლიტიკოსი, პატიმრობაში მყოფი ვიქტორ მედვედჩუკი.

ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განცხადება გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ. განცხადების თანახმად, პარტიის ქონების კონფისკაციას სახელმწიფო ხაზინა განახორციელებს.

მედვედჩუკი უკრაინის სამართალდამცველებმა აპრილში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან შინაპატიმრობის პირობები დაარღვია და რუსეთში გაქცევა სცადა. OPZZh-ის ლიდერი, რომელიც რუსეთთან ახლო კავშირების მოწოდებებით გამოდიოდა, შარშან დააპატიმრეს, სახელმწიფო ღალატის და ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებების საფუძველზე. 67 წლის მედვედჩუკი ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მედვედჩუკი, რომელიც შვებულებებს პუტინთან ერთად ატარებდა და პუტინი მისი შვილის ნათლიაა, ერთ-ერთი უმდიდრესი პირია უკრაინაში. მისი ქონება, Forbes-ის შეფასებით, 620 მილიონ დოლარს უტოლდება, ის მოიცავს ქონებას რუსეთის ენერგეტიკის სფეროში.

უკრაინამ მედვედჩუკს სანქციები 2021 წლის თებერვალში დაუწესა - გაყინა მისი ქონება და რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის სატელევიზიო მაუწყებლობიდან მოხნა სამი ტელეარხი, რომლებიც, უკრაინის მესვეურების თქმით, მედვედჩუკს ეკუთვნოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები