ცხინვალი რეფერენდუმზე მუშაობას "სუფთა ფურცლიდან" იწყებს

21-06-2022 14:02:33 კონფლიქტები

მოსკოვი არ იყო ინფორმირებული ცხინვალში რუსეთთან მიერთების თემაზე რეფერენდუმის ჩატარების განზრახვის შესახებ, - განაცხადა რუსული მხარის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შეჯამებისას ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალმა დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა.

«რუსეთთან გაგვაჩნია შეთანხმება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის თაობაზე, რომლის პირველი მუხლი ითვალისწინებს საგარეო პოლიტიკური ვექტორის ყველა ნაბიჯის კოორდინირებასა და შეთანხმებას. აქ ისეთი სიტუაცია გამოვიდა, რომ რუსეთის ფედერაციას ვუერთდებით ისე, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის. ჩვენ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, ვთქვით, რომ ყველანი მხარს ვუჭერთ რეფერენდუმს და სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. რუსულ მხარესთან ამ საკითხის გადასაჭრელად რამდენიმე ნაბიჯიც განვსაზღვრეთ" - აღნიშნა დე ფაქტო ლიდერმა და დასძინა, რომ რეფერენდუმზე მუშაობა "სუფთა ფურცლიდან დაიწყო".

«სერიოზულ კითხვებს იწვევს სარეფერენდუმო კითხვის ფორმულირებაც, რადგან რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა შესაძლებელია როგორც ცალკე სუბიექტად, ისე ცალკე სუბიექტად ჩრდილოეთ ოსეთთან შემდგომი გაერთიანებით. ამ საკითხს ჩვენს პარლამენტში განვიხილავთ, საზოგადოებრიობის ჩართვით, რის შემდეგაც რუსულ მხარესთან კონსულტაციებს მივუბრუნდებით», – დასძინა გაგლოევმა.

ცნობისთვის: რეფერენდუმი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში წაგებულმა ყოფილმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა 17 ივლისისთვის დანიშნა, ხოლო ახალმა ლიდერმა ალან გაგლოევმა მისი ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები