"არავის ვურჩევ, რაღაც ინიციატივებით ქვეყანაში ოპოზიციის წინააღმდეგ ოლიგარქიასთან ბრძოლის საფარქვეშ სამართლებრივი დევნა დაიწყოს"
21/06/2022 10:00:45 პოლიტიკა
“ლელოს” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძიე მიერ "დეოლიგარქიზაციის" შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "არავის ურჩევს, რაღაც ინიციატივებით ქვეყანაში ოპოზიციის წინააღმდეგ ოლიგარქიასთან ბრძოლის საფარქვეშ სამართლებრივი დევნა დაიწყოს".
"საინტერესოა, რომ აქციას, რომელსაც ევროკავშირის ელჩი ღირსეულ, მშვიდობიან მანიფესტაციას უწოდებს საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდასაჭერად, უმრავლესობის და ივანიშვილის მსახური დეპუტატები ჩვენს პარლამენტში მიიჩნევენ ოპოზიციის მიერ მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით დაგეგმილ აქციად. დიახ, ე.ი. სწორად გესმით გზავნილი, რომელიც ევროკავშირმა ქართველ ხალხს გაუგზავნა. არჩევანი არის დღეს ქართველ ხალხზე, ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ან ვირჩევთ ევროპას, ან ვირჩევთ ჩვენს მომავალს ევროკავშირში, ან ვირჩევთ რუსი ოლიგარქის რეჟიმს და მისი მმართველობის გაგრძელებას ამ ქვეყანაში. არავის ვურჩევ, აქ რაღაც ინიციატივებით სამართლებრივი დევნა დაიწყოს ქვეყანაში ოპოზიციის წინააღმდეგ ოლიგარქიასთან ბრძოლის საფარქვეშ. გაფრთხილებთ, ყველა მსგავსი ინიციატივა მხოლოდ დააჩქარებს იმ პროცესს, როცა ევროპარლამენტმა ძალიან ნათლად თქვა, ვინ არის ოლიგარქი ჩვენ ქვეყანაში დასანქციების შემოღება მოითხოვა ივანიშვილის წინააღმდეგ. „ქართული ოცნებიდან“ ყველა ნაბიჯი, რომელიც შეზღუდავს ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ სივრცეს, მხოლოდ დააჩქარებს როგორც მრავალრიცხოვანი აქციების გაგრძელებას, ასევე ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდან სიტყვებიდან მოქმედებაზე გადასვლას, ამიტომ, ორჯერ დავფიქრდებოდი თქვენ ადგილას, როგორ მოვიქცეოდი უახლოეს მომავალში“, - განაცხადა სამადაშვილმა.


