Accentnews.ge
ხაზარაძეს და ჯაფარიძეს დივიდენდის სახით მისაღები 30 მილიონამდე ლარი დაუყადაღეს

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს დივიდენდის სახით მისაღები 30 მილიონამდე ლარი დაუყადაღეს

21/06/2022 17:00:51 პოლიტიკა, სამართალი

დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იან მალქოლმ ჰოქი, რომელიც "თიბისი ბანკის" აქციონერია, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან 40 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.

იან მალქოლმ ჰოქის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დიმიტრი ტორაძემ 21 ივნისს თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართეს. სასამართლომ კი უზრუნველყოფის სახით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 15 ივლისს თიბისი ბანკიდან დივიდენდის სახით მისაღები 30 მილიონამდე ლარი დაუყადაღა.

„დავის საგანი არის ამ გაცემული და ჩამოწერილი სესხის, 16 664 000 აშშ დოლარის დაბრუნება თიბისი ბანკის კაპიტალში. სესხი, რომელიც გაიცა კომპანიებზე „სამგორი M”-სა და „სამგორი თრეიდზე“, ოღონდ ამ კომპანიების ანგარიშზე მოხვედრისთანავე ეს თანხები იმწუთშივე მოხვდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე. შემდეგ ეს სესხები ჩამოიწერა ისე, რომ დაბრუნების მცდელობაც კი არ ყოფილა“, - აღნიშნა ტორაძემ.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე სარჩელს "იურიდიულად აბსურდულს" უწოდებს.

„აღნიშნული დავა არანაირად არ ექვემდებარება საქართველოს იურისდიქციას. მან [იან მალქოლმ ჰოქმა] აქციები შეიძინა ლონდონის საფონდო ბირჟაზე და იქ არის განთავსებული კომპანიის აქციები. ეს გაგრძელებაა იმ აბსურდისა, რაც ხდებოდა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ჩვენ აუცილებლად ავიღებთ დოკუმენტებს და სამართლებრივი რეაგირება გვექნება. მიკვირს სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის გამოყენება ასეთ აბსურდულ საქმეზე. ეს არ არის ცალკე სასამართლო დავა, როდესაც აქციონერს გული შესტკივა... სპეციალურად იყიდა ადამიანმა აქციები, იმიტომ, რომ ეს დავა დაეწყო. შესაბამისად, გვაქვს რაღაც კვაზი სარჩელი. შეიძენ აქციებს და 12 წლის წინანდელ ზარალს ედავები კომპანიის ერთ-ერთ აქციონერს“, - განაცხადა კორძაძემ.

პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე სარჩელს მორიგ პოლიტიკურ შეტევად მიიჩნევს:

„ჩემზე და მამუკაზე განაახლეს მორიგი შეტევა, უკვე ჩვენთვის მეტი ქონებრივი ზიანის მოყენების მიზნით. შემიძლია, ივანიშვილს ვუთხრა, რომ ჩემი დეკლარაცია არის საჯარო, შეუძლია, მთელი ქონების წართმევა მოინდომონ, პრობლემა არ არის, ამით ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 2022 წლის 12 იანვარს დამნაშავედ სცნო ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა, თუმცა სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა. საქმე ეხებოდა სწორედ იმ სესხს, რომელიც ამჯერად დივიდენდების დაყადაღების საფუძველი გახდა.

ბრალდების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში ორმა კომპანიამ — „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M“-მა, რომელთაც ხაზარაძე-ჯაფარიძის მეგობარი, ავთანდილ წერეთელი განკარგავდა, “თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით” თიბისი ბანკიდან აიღო სესხი, 16 664 000 მილიონი აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა წერეთელმა იმავე დღეს უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე - პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ეს გადარიცხვები და “ფიქტიური სესხი” საქმის ბრალდებულებმა ფულის გათეთრების მიზნის გამოიყენეს.

ბრალდებულები, სესხის გაცემის და ფულის ავთო წერეთლისგან სესხების ფაქტებს არ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ 17 მილიონი დოლარის სესხება ავთო წერეთლისგან მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს არა ფულის გასათეთრებლად, არამედ თიბისი ბანკის კაპიტალის გასაზრდელად დასჭირდათ. ისინი აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ყველა ტრანზაქცია, რაც ამ თანხასთან დაკავშირებით განხორციელდა, გამჭვირვალეა და ვერც “ფულის გათეთრება” დაერქმევა “თეთრი ფულის” დოკუმენტურად დადასტურებულ ბრუნვას.

ამ საქმეზე ცნობილია სახალხო დამცველის პოზიცია: ნინო ლომჯარიამ საქმის დეტალურად შესწავლის შემდეგ თქვა, რომ საქმეში ფულის გათეთრების ნიშნები არ ჩანს.

დღეს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში "დეოლიგარქიზაციის კანონი რომ არსებობდეს, ოლიგარქებად აღიარებული იქნებოდნენ პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S