
ბათუმში „TV პირველის“ ოპერატორზე ძალადობის საქმეზე 2 პირი დააკავეს
21/06/2022 17:27:12 სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში „TV პირველის“ ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ადამიანის დევნა მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 18 ივნისს, 23:15 საათზე, ქალაქ ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, „TV პირველის“ ოპერატორი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – რესპოდენტთან ერთად პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა, რა დროსაც მასთან ბრალდებულები მივიდნენ და „TV პირველის“ საქმიანობასთან დაკავშირებით აგრესიული საუბრითა და გინებით უკმაყოფილება გამოთქვეს. აღნიშნულის შემდეგ, ოპერატორსა და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ბრალდებულებმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
„TV პირველის“ ცნობით, ოპერატორი ჩართვისთვის ემზადებოდა, როდესაც მას რამდენიმე მოქალაქე მიუახლოვდა და ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
"კოალიციის მედიის ადვოკატირების" შეფასებით, „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა ცალსახად უკავშირდება მათ ჟურნალისტურ საქმიანობას".