საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საკორინთლოსა და დვანშიც გააქტიურდნენ

21-06-2022 22:45:49 კონფლიქტები

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხურვალეთის შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოსა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი დვანში გამოჩნდნენ. საკორინთლოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" "დრონმა" რამდენიმე ათეული მეტრის სიგრძის თხრილი დააფიქსირა, კადრების მიხედვით, თხრილი იმდენად ღრმაა რომ სანგარს უფრო ჰგავს. საკორინთლოს მცხოვრებლები შიშით გათხრილ ადგილს ვეღარ უახლოვდებიან. მათი თქმით, სოფელი ყოველწლიურად მიწის ფართობებს კარგავს, საოკუპაციო ძალები კი მუდამ პატრულირებენ და იქით შემთხვევით მოხვედრილ მოქალაქეებსაც აკავებენ.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში კი საოკუპაციო ღობის მიღმა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს. ადგილზე ტრაქტორი რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა და ოკუპაციის ხაზს მიღმა საკმაოდ განიერ ხნულს ავლებდა. ოსური მხარის მტკიცებით, ეს ხნულები იმისთვისაა, რომ ზაფხულის სეზონზე ყანებში ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუშალოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკორინთლოსა და დვანში განახლებული ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ მცირე ცნობა გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და საქმის კურსში უკვე ჩააყენეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სუს-მა პირობა დადო, რომ ერგნეთის მომდევნო შეხვედრაზე რეგიონში გააქტიურებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს მკაცრი რეაქცია მოჰყვება. ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება, მანამდე მხარეები კონსულტაციებს "ცხელი ხაზის" მეშვეობით გააგრძელებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები