საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ვალია ვანიშვილის სახლთან საოკუპაციო ღობე აამაღლეს

21-06-2022 23:09:16 კონფლიქტები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, ვალია ვანიშვილის სახლთან მისულ "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრებს სახლის წინ გავლებული საოკუპაციო ღობე დღეს ამაღლებული დახვდათ. მოძრაობის წევრებმა დათა ვანიშვილის ქვრივს პროდუქტები მიაწოდეს, თუმცა ეს მავთულხლართების დაწევის შემდეგ მოახერხეს.

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ რუსები ვალია ვანიშვილის სახლთან მუდმივად პატრულირებენ და ღობის ამაღლებით, მარტოდ დარჩენილ მოხუცს სრულ იზოლაციაში აქცევენ.

დათა ვანიშვილი ოკუპაციის შედეგებისა და გამძლეობის სიმბოლოდ იქცა მას შემდეგ, რაც 2011 წელს საოკუპაციო ძალებმა მისი საცხოვრებელი მავთულხლართებით გაჰყვეს. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე. მასთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ადგილზე ხედავდნენ ე.წ. ბორდერიზაციის გამო გაყოფილ ოჯახებს, ნათესავებს და მიტაცებულ ტერიტორიებს. მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, დათა ვანიშვილი არ დათანხმდა მიეღო ოსური ე.წ. მოქალაქეობა და არც საცხოვრებელი ადგილი დაუტოვებია. ახლა იმ სახლში, მისი ცოლი, ვალია ვანიშვილია მარტოდ დარჩენილი და შვილი, ხანდახან, მალულად ახერხებს დედის მონახულებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები