
ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთი ემზადება დონბასში დიდი რაოდენობით რეზერვის გასაგზავნად"
22/06/2022 07:29:36 ევროპა
რუსეთის სამხედრო ძალები ცდილობენ უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკის რაიონის ალყაში მოქცევას ჩრდილოეთიდან იზიუმის და სამხრეთიდან პოპასნაიას მხრიდან,– ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის 22 ივნისის ანგარიშშია ნათქვამი.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთი დიდი ალბათობით ემზადება დონბასში დიდი რაოდენობით სარეზერვო ქვედანაყოფების გასაგზავნად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ქვედანაყოფები სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დასამყარებლად ცდილობენ უკრაინის თავდაცვის ძალები ბლოკადაში მოაქციონ დასახლებულ პუნქტებთან, ბოროვსკოესა და ვორონოვოსთან.
ამასთან, ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის ცნობით, სევეროდონეცკში ქუჩის ბრძოლები გრძელდება და ამასთან, რუსეთის სამხედრო ძალები უახლოვდებიან მეზობელ ქალაქ ლისიჩანსკს და შეტევისას იყენებენ არტილერიას, ტანკებს და ავიაციას.
ქალაქ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.