
ზურაბიშვილი – ღარიბაშვილის განცხადებაზე: "აბსურდი და და ძალიან შეურაცხმყოფელი"
22/06/2022 14:31:15 პოლიტიკა
თემაზე, თუ რა ხდება საქართველოში კანდიდატის სტატუსის თაობაზე ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ერთის მხრივ, საზოგადოება საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს პარტნიორებისთვის პოზიტიური „მესიჯის“ გასაგზავნად, ხოლო პოლიტიკური სპექტრი საპირისპირო საქმიანობითაა დაკავებული. ამ კონტექსტში მან პარლამენტში დღეს მიმდინარეო მოვლენები განიხილა.
ამასთან, მან პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებებს სტატუსთან დაკავშირებით „აბსურდი“ უწოდა.
„ერთის მხრივ მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი სათქმელი თქვას. გამოვიდა საზოგადოება და ძალიან მკაფიო გზავნილი გაიგზავნა ბრიუსელს, რომ ჩვენ, საზოგადოება, ყველა პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანები ერთად დგანან და ამბობენ ერთ რამეს – ჩვენ ევროპელები ვართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ რამეს ანიჭებს ევროპა მნიშვნელობას, ეს საზოგადოების ნება და მისი თავისუფალი გამოხატულებაა. ის, რაც ორშაბათს ვნახეთ, ნამდვილად იყო თავისუფალი ნების გამოხატულება და ის, რასაც გადავეჩვიეთ და რასაც ევროპა გვთხოვს ერთიანობა. სამწუხაროდ, დღეს მეორე სახე ვნახეთ. სრულიად შეშფოთებული ვარ იმისგან, თუ რა მოვისმინე დღეს პარლამენტში. რაც დავინახეთ პარლამენტში, არის სრულიად საწინააღმდეგო, რაც საზოგადოებამ აჩვენა. საზოგადოებამ აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა. პარლამენტმა საპირისპირო: დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, არმოსმენა – ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ გვევენებინა, ვაჩვენეთ დღეს. ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა. არ ვიცი, თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც გაგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ გზავნილს ... რომ ჩვენ თურმე „ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი გვჭირს, ბევრად უკეთესები ვართ, ვიდრე თქვენი უკრაინა და მოლდოვა, ვერ გავიგეთ, ისინი რატომ არიან ჩვენზე წინ. ერთადერთი ალბათ, იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა“ – ანუ, აბსურდი და და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით“,– განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, როდესაც პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდები, როგორც მინიმუმ, ორი რამ მოგეთხოვება:
„ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგონო (რაც ზოგადად, ნებისმიერ ხელისუფლებას მოეთხოვება), მეორე – გაიგო, შენგან რას ელოდება პარტნიორების თავშეყრა, რომელი ზეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ისინი ელოდებოდნენ ერთ ძალიან მარტივ რამეს – გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება – „კი, ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას გავაანალიზებთ, ჩვენ, ყველანი ერთად მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წლის ბოლოს შევასრულო ის, რაც ჩვენს მიმართაა გზავნილი“, რომ „თქვენ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს მაინც და პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენც მიიღებთ კანდიდატის სტატუსსო“. ამ დროს კი მოსახლეობა, ვინც მოუსმინა, ალბათ, გაოგნებულია დღევანდელი დღით და მეც გაოგნებული ვარ“.
ზურაბიშვილი პარტნიორებს მიმართავს, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის ნება:
„მინდა, ბრიუსელში გავაგზავნო სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება. არ ვიცი, ეს რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიედ. ამაზე პასუხი არ მაქვს“.