
ზურაბიშვილმა ვეტო–ს უფლება პირველად გამოიყენა
22/06/2022 14:35:24 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო.
როგორც მან საგანეგებო ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი ვეტო.
„მე დღეს ვეტო გამოვიყენე. იცით, რომ მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის ცოტა არ იყოს, არ ვარგა ვეტოს დადება და შემდეგ დაძლევა. მაგრამ დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს, მოსმენების გაფართოებას და ამდენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად, მაგრამ ეს იქნება. და ყოველივე კანონს, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, დავადებ ვეტოს. ავხსნი, რატომ ვადებ ვეტოს. ეს არის უფრო პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი, რადგან არ შეიძლება, ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპელები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
7 ივნისს პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, 78 ხმით, 11-ის წინააღმდეგ.
კანონის მიღებას უარყოფითად აფასებდა როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო სექტორი. უარყოფითი შეფასება გაუკეთა პარლამენტის გადაწყვეტილებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელიც.
ჰარცელის აზრით, ახალმიღებული ცვლილებები ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. როგორც ელჩი აღნიშნავს, ცვლილებების დამტკიცებამდე ევროკავშირმა საქართველოს პარლამენტს პროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა შესთავაზა, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.