ღარიბაშვილი: „ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს“

22-06-2022 20:35:25 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა ბრიუსელში და იმ ფაქტზე, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ვერ მიიღო, პასუხისმგებლობას მათ შორის, უკრაინას, ქართულ ოპოზიციას და ლობისტებს აკისრებს, თუმცა ის აღარ უთქვამს, რატომ არ ცდილობდნენ საქართველოს პოზიციის დაცვას თუნდაც „ქართული ოცნების“ პარტნიორები ევროპარლამენტში – „ევროპელი სოციალისტები“.

„მართლა ამათი ბრალი კი არ არის სტატუსი, ერთ–ერთი მონაწილეები არიან – ესენი [ოპოზიცია], ევროპის „სახალხო პარტია“, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. დიახაც, პირდაპირ ვადებ ხელს“,– განაცხადა ღარიბაშვილმა და ირწმუნება, რომ მას სწორედ პარტნიორებმა უთხრეს, როგორ დაჟინებით ითხოვდა უკრაინა, არ მიეცათ სტატუსი საქართველოთვის.

ასევე ისაუბრა ლობისტებზე. დარბაზიდან ღარიბაშვილს დაზუსტება მოსთხოვეს, რაზეც უპასუხა:

„კარლ ბილდტის [შვედეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი] ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან. დღეს გამოდის და გვმოძღვრავს ბატონი. შეგიძლიათ, მისწეროთ. ახლავე დაიწყეთ წერა“.

მანამდე "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ შვედეთის ყოფილ პრემიერ–მინისტრს "კრიმინალი" უწოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები