Accentnews.ge
ფირალიშვილი: „ერთადერთი გზა რჩება: საზოგადოების ზეწოლა, მეტი აგრესიული აქტიურობა!“

ფირალიშვილი: „ერთადერთი გზა რჩება: საზოგადოების ზეწოლა, მეტი აგრესიული აქტიურობა!“

23/06/2022 11:20:41 კომენტარი

მმართველი გუნდი ერთის მხრივ, ირწმუნებოდა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების მიზნით ბრიუსელთან კონსულტაციებს დაიწყებდა, მეორეს მხრივ, ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაჟღერებულმა გზავნილებმა ქვეყნის დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდამჭერებს იმედები გადაუწურა. მათ შორისაა ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომელმაც საკუთარი შეშფოთება „აქცენტს“ გაუზიარა.

იხილეთ ასევე: პრეზიდენტი – გაოგნებული ვარ

„რომ გითხრათ, გუშინდელი გამოსვლის შემდეგ რაიმე იმედი დამრჩა–მეთქი, ვერ გეტყვით: გუშინდელი გამოსვლა გარდა იმისა, რომ სიტუაციის არაადეკვატური იყო, პრემიერს ევროპელებისთვის ადეკვატური გზავნილები არ გაუჟღერებია, ამასთან, ევროპის რამდენიმე პოლიტიკური მოღვაწე დამატებით შეურაცხყო. აქედან რაიმე პოზიტიური გამოვიდეს, მოსალოდნელი არაა“,– ამბობს ფილოსოფოსი.

რაც შეეხება, მათ შორის, პრემიერ ღარიბაშვილის არგუმენტს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი „ქართული ოცნების“ წყალობით კონსტიტუციით განისაზღვრა და ეჭვებს კურსის ცვლილების თაობაზე არ მიიღებს, ფილოსოფოსი ცენტრალური აფრიკის მაგალითით პასუხობს:

„ცენტრალური აფრიკის პრეზიდენტისა და შემდეგ იმპერატორის კონსტიტუცია საფრანგეთის კონსტიტუციის ორეული გახლდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი და შემდგომში იმპერატორი კაციჭამია იყო. ამდენად, კონსტიტუციაში შესაძლოა, ბევრი რამ ეწეროს, მაგრამ არ შევასრულოთ“.

ფილოსოფოსი ამბობს, რომ მმართველი გუნდის პოზიციონირება შესაძლოა, ბევრი მოტივით და გარემოებით იყოს განპირობებული, მაგან ყველაზე „კარგ შემთხვევაში“ ეს შესაძლოა, პოლიტიკური უუნარობა იყოს, არ იციან რა, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში:

„აგრესიულები არიან მათ მიმართ, ვისგანაც ეს ასე თუ ისე შერჩებათ, ხოლო იმაზე შეტევას თავს არიდებენ, ვისგანაც საფრთხეს ელიან. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, რუსეთისგან ელიან საფრთხეს და ცდილობენ, ის არ გააღიზიანონ, ხოლო შიგნით და ევროპაში ვინმესთან დაპირისპირება, ეს უფრო უსაფრთხოდ წარმოუდგენიათ. მაგრამ ეს ყველაზე რბილ შემთხვევაში. ერთ–ერთი მოტივი შესაძლოა, იყოს ძალაუფლების შენარჩუნებაც: ევროკავშირს რაც უფრო დაუახლოვდები, მით უფრო გახდები იძულებული, დათმო ის აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც გაგაჩნია. შეიძლება, იყოს წმინდა ქონებრივი მოტივებიც: ჩვენი პოლიტიკოსები – ახალგაზრდა „ოცნებელები“ მიეჩვივნენ, ევროპელებს შანტაჟის ენაზე ესაუბრონ და არ არის გამორიცხული, ეს იყოს ერთგვარი შანტაჟი, მიმართული ბიძინა ივანიშვილის დასაცავად და ა.შ. არსებობს კიდევ უფრო სერიოზული ეჭვებიც – ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ისეთი არ აღმოჩნდა, საითკენაც გინდოდა სვლა. ამდენად, ბევრი მოტივი შეიძლება, იყოს. ყოველ შემთხვევაში, მათთვის ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსი ორგანული არ არის, ფარდობითია – არის ან არ არის. ამიტომაც, სათავისო ინტერესებისთვის იოლად თმობენ მას“.

როგორც ფილოსოფოსი აღნიშნავს, ეს არ არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩიხში შესული პოლიტიკური ძალა „ასე უპრინციპოდ იქცევა და ყველა ხერხით იცავს თავს“. ამ კონტექსტში ის იხსენებს „მოქალაქეთა კავშირს“, „ნაციონალურ მოძრაობას“, ამჟამად ხელისუფლებაში მყოფ ძალას:

„იმდენი უარყოფითი კაპიტალი დააგროვეს, იმდენად მძიმე ბრალის წინაშე აღმოჩნდნენ, რომ შემდეგ იძულებულნი ხდებიან, ყველა ხერხით გადაირჩინონ თავი, რათა ბრალის გამო პასუხი არ აგონ“.

ფილოსოფოსი ამბობს იმასაც, რომ წინა ორი ადმინისტრაციის შეცვლა საზოგადოებამ შეძლო, ხოლო „ქართული ოცნების“ ქვეყნის მმართველობის სადავეებიდან ჩამოცილება მისი ვარაუდით, „გაცილებით რთული იქნება“, რაც ფირალიშვილს ეჭვებს უღრმავებს, რომ „პროცესებში ჩრდილოეთი [რუსეთი – რედ] კიდევ უფრო ძლიერადაა ჩართული, ვიდრე სხვა შემთხვევებში იყო“:

„რთული იქნება [მმართველობიდან „ქართული ოცნების“ წასვლა – რედ.] იმიტომ, რომ ამათ ბუნებრივი მოკავშირე გაუჩნდა ჩრდილოეთის [რუსეთი – რედ] სახით. ამ კავშირის გაღრმავებას ჩვენ ალბათ, დავინახავთ, თუ მანამდე რამე არ შევცვალეთ. ბუნებრივი მოკავშირეები ასევე გაუჩნდათ შიდა ძალების – პუტინისტური ყაიდის ნაციონალისტების სახით. სერიოზული მხარდაჭერა აქვთ ფუნდამენტალისტური ყაიდის ძალების მხრიდან. თუ დააკვირდებით პრემიერის რიტორიკას, სწორედ ამ მხარდაჭერის გაღრმავებისკენაა მიმართული“.

ამდენად, ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში საზოგადოებას ერთადერთი გზა რჩება – ზეწოლა, აგრესიული აქტიურობა:

„როდესაც ხელისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, ვერ გრძნობს თავის მოვალეობას, ვერ გრძნობს რა ისტორიული ამოცანის წინაშეა და ვერ იმას, რა რეპუტაციული შედეგები მოჰყვება თავად მათთვის ისტორიულად – როგორ მოიხსენიებენ მათ 20–30 წლის შემდეგ, საზოგადოებას ერთადერთი გზა რჩება და აქ საზოგადოების გარდა სხვა ძალა არ ჩანს. მათ შორის, პოლიტიკური ძალაც კი არ არსებობს, რომელსაც ამ სიტუაციაში რაღაცის გამოსწორება შეუძლია. მხოლოდ საზოგადოებრივი და მეტად აგრესიული აქტიურობა – სხვა გზა და ხერხი არ არსებობს. აგრესიულობაში მაინც და მაინც ძალადობას არ ვგულისხმობ. უპირველესად, ვგულისხმობ კატეგორიულ მოთხოვნას არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მისამართითაც, რომელიც უცნაურ ნარცისიზმში ჩაიძირა და რომელთა პოლიტიკურმა ეგოიზმმა და უუნარობამ საქმე აქამდე მიიყვანა! ოპოზიციამ ერთი წამითაც არ წარმოიდგინოს, რომ ამ სიტუაციაში „სუფთა“ რჩება. თუნდაც ის, რომ საზოგადოება პოლიტიკოსებს ტრიბუნასთან არ უშვებს, ნიშნავს, რომ მათ მიმართ ნდობა მინიმუმზეა დასული“.

ფირალიშვილი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი დროის მოგებას შეეცდება, რათა საზოგადოებრივი პროტესტის მუხტი ჩაცხრეს:

„მანამდე მოახდენენ ყველა იმ ფუნდამენტალისტური ძალების მობილიზებას, რომლებმაც 5 ივლისს იაქტიურეს. შეიძლება, ქუჩაში გამოიყვანონ კიდეც აგრესიულად. „გადაგდებას“ [საზოგადოების – რედ.] რომ მოინდომებენ [მმართველი გუნდი – რედ.], ამას ლაპარაკი არ უნდა. კიდევ რაიმე იმედი არსებობს, რომ ესენი იტყვიან და შეასრულებენ?!“.

ამიტომ, მისი ხედვით, საზოგადოების მხრიდან სიფხიზლე, სიმტკიცე და სიფრთხილეა საჭირო, რათა ქვეყანას ექვსი თვის თავზე ხელიდან არ „გასტაცონ“ ისტორიული შანსი, რომელიც ახლა დადაგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S