
"ევროსაბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ქვეყანას სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება"
23/06/2022 18:37:29 პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
„ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, - აღნიშნულია შარლ მიშელის "პოსტში".
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.
იხილეთ ასევე: რას კარგავს საქართველო კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით.