
"თუ იქნება პოლიტიკური ნება, შესაძლებელია საქართველოსთვის დიდი პროგრესის მიღწევა"
23/06/2022 19:39:15 პოლიტიკა
"თუ იქნება პოლიტიკური ნება, შესაძლებელია საქართველოსთვის დიდი პროგრესის მიღწევა", – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა "ტრიოსთვის" კანდიდატის სტატუსის თაობაზე საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აღნიშნა.
მისი თქმით, "ევროკავშირს სურს, ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველსთან, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის ძალისხმევას, რომ სწორი მიმართულებით იმოძრაოს".
„პირველი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის და ხელისუფლებისთვის, ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივა, ეს არის ნათელი გზავნილი. ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ფუნდამენტური რეფორმების წარმოება, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ქართულ ინსტიტუტებთან, რათა მათ პროგრესს მიაღწიონ. დარწმუნებული ვარ, თუ იქნება პოლიტიკური ნება, შესაძლებელია საქართველოსთვის დიდი პროგრესის მიღწევა. მე ვიცი, რომ მათ იციან, რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული სწორი მიმართულებით და ძალიან ძლიერი გზავნილი გავაგზავნეთ გეოპოლიტიკურ დონეზე და არა მხოლოდ. ჩვენ ვიცით იმ არჩევანის შესახებ, რაც საქართველოს ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა. ეს არის თავისუფალი არჩევანი სამყაროს დემოკრატიული პრინციპების. ჩვენ გვინდა, ძალიან მჭიდროდ ვიმუშაოთ მათთან, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ძალისხმევას, რომ სწორი მიმართულებით იმოძრაოს ქვეყანამ“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
ცნობისთვის: 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.
იხილეთ ასევე: რას კარგავს საქართველო კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით.