"საქართველოს მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით და ეს იქნება საფუძველი იმ რეფორმების, რომელიც უნდა გატარდეს"

23-06-2022 23:59:40 პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანის ლიდერის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის საქართველოსთან მიმართებაში არსებობს პირობები, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს.

„ეს არის ისტორიული დღე. აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ნათლად იყო გაცხადებული, თუ რა პირობები არსებობს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ჩვენ ვნახეთ, რა მკაფიო იყო საქართველოს პრეზიდენტის გზავნილი და ხალხი გამოვიდა ქუჩაში მეტი ევროპის მოწოდებით. ეს არის კარგი საფუძველი იმ რეფორმებისთვის, რომელიც უნდა გატარდეს“, – განაცხდა მაკრონმა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი უკვე მიენიჭა, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, როდესაც დააკმაყოფილებს იმ პრიორიტეტებს, რომელიც განსაზღვრა ევროკომისიამ.

ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

ცნობისთვის: 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

იხილეთ ასევე: რას კარგავს საქართველო კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები