
"მზად ვართ, ყველა პრიორიტეტის იმპლემენტაციისთვის, რათა სტატუსი მალე მივიღოთ"
23/06/2022 20:03:05 პოლიტიკა
"მზად ვართ, ყველა პრიორიტეტის იმპლემენტაციისთვის, რათა სტატუსი მალე მივიღოთ", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროკავშირის საბჭომ მიანიჭა ევროპული პერსპექტივა საქართველოს. ჩვენ მზად ვართ, ყველა პრიორიტეტის იმპლემენტაციისთვის, რათა კანდიდატობის სტატუსი მალე მივიღოთ. ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას. მადლობა ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტებს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
მთავრობის მეთაურმა თავდაპირველად ევროპული საბჭოს ნაცვლად ევროკომისია მონიშნა, მოლდოვის დროშის ნაცვლად კი ანდორის. შეცდომების გამო ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი რამდენჯერმე ჩაანაცვლა.
ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
ცნობისთვის: 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.
იხილეთ ასევე: რას კარგავს საქართველო კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით.