Accentnews.ge
სამადაშვილი – თანამოქალაქეებს: "თქვენ უსინდისოდ გატყუებენ იმიტომ, რომ დარჩეთ სახლში, დღეს უნდა გამოხვიდეთ პარლამენტის წინ"

სამადაშვილი – თანამოქალაქეებს: "თქვენ უსინდისოდ გატყუებენ იმიტომ, რომ დარჩეთ სახლში, დღეს უნდა გამოხვიდეთ პარლამენტის წინ"

24/06/2022 11:24:54 პოლიტიკა

"ლელოს" წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგს ეხმიანება და მოქალაქეებს დღეს დაგეგმილ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს.

"დღეს ერთადერთი, რასაც საზოგადოება ელოდებოდა ღარიბაშვილისგან ეს არის გადადგომის შესახებ განცხადება იმიტომ, რომ როდესაც ქვეყანა განიცდის ასეთ ისტორიულ მარცხს, როგორიც ჩვენ გუშინ მივიღეთ და დავკარგეთ ისტორიული შესაძლებლობა ივანიშვილის და ღარიბაშვილის დამსახურებით, ერთადერთი სწორი პასუხი ეს არის განცხადების დაწერა და წასვლა. არ დაგაბნიოთ რუსული მეთოდებით ხელისუფლების ამ პიარ სტრატეგიამ, როდესაც დღეს თქვენ უსინდისოდ გატყუებენ იმიტომ, რომ დარჩეთ სახლში. დღეს უნდა გამოხვიდეთ პარლამენტის წინ და ხმამაღლა უთხრათ ქართულ ოცნებას, რომ კმარა ტყუილების საუბარი", – აცხადებს სამადაშვილი.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღების შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ "ევროპამ კარი გაგვიხსნა, ეს აღიარებაა":

"რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მოვისმინეთ განაცხადი, რომ როგორც კი ჩვენ შევასრულებთ პრიოროტებს, მაშინვე მიენიჭება საქართველოს სატატუსი. ეს გვაძლებს მოტივაციას, რაც შეიძლება მოკლე დროში შევასრულოთ ეს პირობები. მზად ვართ, დროულად შევასრულოთ ყველა პირობა".

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პოლარიზება დაასრულოს, თუმცა, მისი თქმით, მარტო მმართველი პარტია ამას ვერ განახორციელებს.

"ოპტიმისტურად მე ჯერა, ისინი დააყენებენ საკუთარ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე დაბლა", – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S