ვინ და რისთვის აშინებს აფხაზებს “ქართული რევანშით”

25-06-2022 13:40:05 კონფლიქტები

ამ დღეებში სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში ვირუსულად გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის ავტორი მსმენელებს “ქართველი ნაცების მხრიდან რევანშის მზადებაში” არწმუნებდა. მისი მტკიცებით, იდეა, რომელიც თურმე, ამერიკელებსა და ბრიტანელებს ეკუთვნით, “რუსეთის საწინააღმდეგოდ და უკრაინის დახმარებაზეა მიმართული”, ხოლო მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში “საქართველოს ევროკავშირში ავტომატურად მიიღებენ”.

სანამ ამ პროვოკაციის შინაარსის დეტალურ ანალიზზე გადავიდოდეთ, მინდა, დავამშვიდო ჩვენი აფხაზი მკითხველების ის ნაწილი, რომელიც შესაძლოა, წამოეგო და ახლა შეშფოთებული ელის “ქართველი ნაცების” თავდასხმას: თუ სადღეისოდ აფხაზეთის “დამოუკიდებლობასა” და “სუვერენიტეტს” რაიმე ემუქრება, საფრთხე არა ენგურის, არამედ ფსოუს მხრიდან მომდინარეობს! “რევანშის” გეგმა არც საქართველოს ხელისუფლებას აქვს, არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას! პირიქით, უკვე არაერთგზის დეკლარირდა, მათ შორის – უკრაინის ომის დაწყების შემდეგაც, რომ საქართველოს ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა ცალსახად გამორიცხულია.

რაც შეეხება ტექსტს, ხმა აუდიოჩანაწერში ამბობს შემდეგს: “[…] ქართული მხრიდან სერიოზულმა ადამიანმა გვაცნობა, რომ ისინი [საქართველოს მოსახლეობა – რედ.] იქ შეიკრიბნენ, მამაკაცთა მობილიზებას ახდენენ, შეიარაღებას ცდილობენ, რათა უკრაინის დასახმარებლად ჩვენი [აფხაზეთის – რედ.] მიმართულებით მეორე ფრონტი გახსნან. […] ახლა ჩვენთან სერიოზული ბიჭები (სოხუმის ბატალიონი, საბრძოლო დაზვერვა და სხვები) შეიკრიბნენ, ითათბირეს და გადაწყდა, ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანოთ. არ ვიცი, რამდენად დაგვეხმარება ის, რაც გვაბადია, “ბაირაქტარებისა” და ყველაფერ დანარჩენის წინააღმდეგ, მაგრამ სხვა რა გზაა?! არადა, იქით სერიოზული მობილიზაციაა, თავისი “მაიდანი” შეკრიბეს, მათმა პრეზიდენტმა [სალომე ზურაბიშვილმა – რედ.] მაშინვე ჩაი...რა და მომიტინგე “სააკაშვილელების” მხარე დაიკავა. ვფიქრობ, მთავრობაც მალე დანებდება, რომ არ გადააგდონ. როგორც ჩანს, ამერიკელებმა და ბრიტანელებმა, რომლებიც იყვნენ ჩასულები, დაარწმუნეს ისინი – “ავტომატურად მიგიღებთ ევროპა, თუკი ომს დაიწყებთ და თქვენს ტერიტორიებს დაიბრუნებთო” – ისევ და ისევ რუსეთის საზიანოდ. იცით, რომ ამ ძნელბედობის ჟამს აფხაზეთში არსებული მე-7 რუსული ბაზა უკრაინაში იბრძვის, ხოლო რაც აქ დარჩა, არ ვიცი, რა რაოდენობითაა და რა მდგომარეობაში. ჩრდილოეთ კავკასიის კუთხითაც არაერთმნიშვნელოვანია ვითარება: ინგუშები ამბობენ, “საქართველოს მთლიანობას ვუჭერთ მხარსო”, აქეთ იაგანოვია თავისი იდეებით და ა.შ., ყაბარდო-ბალყარეთიც აღარ “სუნთქავს” ისე ერთიანად, როგორც ადრე. ჩეხებიც უკრაინაში იბრძვიან, რამდენნი არიან იქ - უცნობია, მაგრამ რომც მოვიდნენ დასახმარებლად, რით მოვლენ? - ავტომატებით. რუსეთი რით დაგვეხმარება? - მაქსიმუმ, ერთი-ორი რაკეტა დაუნიავოთ [თბილისს - რედ.] - მე არ ვიცი, რას მოიმოქმედებს, მაგრამ ფაქტია, რომ არავის უნდა ველოდოთ და თავად უნდა ვემზადოთ. ასე, რომ თავად იფიქრეთ, ძმებო”.

მოკლედ, სიცრუისა და მანიპულაციის ერთგვარი ალოგიკური, თუმცა საკმარისად ტოქსიკური ნაზავია აფხაზეთის მაცხოვრებელთა დასაშინებლად, რათა შემდეგ დამკვეთმა ეს შიში საკუთარი შორს მიმავალი გეგმებისთვის გამოიყენოს.

აფხაზების იმ ნაწილს, რომელიც ნაკლებად ინტერესდება თბილისში მიმდინარე მოვლენებით, პატარა საიდუმლოს გავუმხელ: “მეორე ფრონტისა” და “ომის საფრთხის” შესახებ ანალოგიური სადეზინფორმაციო ნარატივები ბოლო პერიოდში აქტიურად გამოიყენება ასევე ენგურს გამოღმა მცხოვრები მოსახლეობის ტვინებზე ზემოქმედებისთვის. უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში აშინებენ ამით ქართველებს სხვადასხვა პრორუსული ჯგუფები (“ალტ-ინფო”, “ქართული მარში”, “კონსერვატორები” და სხვ.), სახელისუფლებო ტროლები, მმართველ გუნდთან აფილირებული მედია და თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომელთა რუსეთისადმი ლოიალობა სულ უფრო ნაკლებად ინიღბება. ამასთან, ეს უკანასკნელები ისედაც სუსტი ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით ყოველ ჯერზე მოიხსენიებენ ოპონენტებს “ომის პარტიად” და “რადიკალებად”, არადა, იმავდროულად თავად უწყობენ ხელს რეალურად რადიკალურ პრორუსულ ჯგუფებს, მაგალითად “ალტ-ინფოს”, რომელმაც “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიაც მოიპოვა, პარტიადაც დარეგისტრირდა და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც მიიღო, ბოლო დროს კი საეჭვო შემოსავლებით აქტიურად ხსნის კომფორტულ ოფისებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების “შესრულებით” ხსენებული ნარატივი დაახლოებით ასე ჟღერს: “ქართული ოცნება ერთადერთი ხელისუფლებაა, რომლის დროსაც ომი არ ყოფილა”. ხოლო ნებისმიერ კრიტიკას – რა საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს იგი, “ოცნება” პასუხობს კითხვით - “ომი გინდათ?!”. მეტიც, ხელისუფლებასთან აფილირებულმა რიგმა პირებმა საქართველოს მოსახლეობას გამაოგნებელი, სრულიად ამორალური არჩევანიც კი შესთავაზეს - “ომი გინდათ თუ თავისუფლებაო?”.

მაინც რას უკავშირდება “ქართული ოცნების” მთელი ეს სადეზინფორმაციო კორიანტელი, რომლითაც მან ლამის აჯობა საყოველთაოდ აღიარებულ ლიდერ კრემლის პროპაგანდას? საქმე ისაა, რომ საქართველოს მმართველ გუნდს რეპუტაცია უკვე ქვეყნის შიგნითაც შეებღალა და გარეთაც, ხოლო უკრაინის მიმართ რუსულმა აგრესიამ, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მძლავრი ტრიგერის როლი ითამაშა პოლიტიკური ძალების თვითლუსტრაციისთვის. ნათელი გახდა, რომ “მოსკოვის არგაღიზიანების” მრავალწლიანი პოლიტიკა, რომლითაც მმართველი ძალა ვითომდა “საქართველოს იცავდა ომისგან”, რეალურად, იცავდა მხოლოდ “ოცნების” დამფუძნებლისა და მმართველის, 10 წლის განმავლობაში ლამის მთელი საქართველოს მეპატრონედ ქცეული ბიძინა ივანიშვილის ბიზნესსა და მილიარდებს. ნათელი გახდა, რომ რუსეთისადმი “ოცნების” ლოიალობა არა საქართველოს ინტერესებით იყო ნაკარნახები – ქვეყნისა, რომელიც “ოცნების” მმართველობის პერიოდში საგრძნობლად დაშორდა დასავლეთსა და მთელს ცივილიზებულ სამყაროს, არამედ იმით, რომ ასე აწყობდა ივანიშვილის პირად ბიზნეს-ინტერესებს. და “არაუშავს”, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, “ოცნების” მსგავსი პოლიტიკის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა: როგორც ამასწინათ მმართველი გუნდის ზოგიერთმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, “თუკი ივანიშვილს სანქციები შეეხება, საქართველომ შესაძლოა, ევროინტეგრაციაზე უარი თქვასო”.

“ქართული ოცნების” მიერ ქვეყნის საზიანოდ ჩადენილი ქმედებების ჩამონათვალი უკვე საკმაოდ გრძელია. აქ მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ რეფორმები “გაიყინა”, მიღებულ იქნა ახალი ანტიდემოკრატიული კანონები, იგნორირებულ იქნა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სასამართლო სისტემის კუთხით, ასევე ევროკავშირის რეკომენდაციები საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების თაობაზე. არაერთ საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლები გაუარესდა. ხელისუფლება კი ძალაუფლების შესანარჩუნებლად კრიტიკას კვლავ რეალობის უარყოფით, “ომითა” და “რადიკალებით” დაშინებით პასუხობს, რასაც ამასწინათ - ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებამდე ორიოდ დღით ადრე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ტელეარხის ხელმძღვანელის დაკავება დაემატა. ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვას სტატუსი მიანიჭა, საქართველო კი მის გარეშე დატოვა?! სწორედ ასე, ხელისუფლების ქმედებების “წყალობით” გაუშვა ხელიდან საქართველომ ესოდენ იშვიათი – მხოლოდ და მხოლოდ უკრაინისადმი რუსული აგრესიის ფონზე გაჩენილი შანსი.

აი, რას უკავშირდებოდა ჯერ – 20, ხოლო შემდეგ 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ივანიშვილის რეჟიმის ქმედებების მიმართ პროტესტისა და საქართველოს ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერის ნიშნად გამართული მრავალათასიანი აქციები. ამასთან, ისინი არც აუდიოჩანაწერში ნახსნები “სააკაშვილელების”, არც რომელიმე სხვა პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. “ნაციონალური მოძრაობა” ესოდენ მრავალრიცხოვან მიტინგებს პარტიისთვის უკეთეს დროსაც კი ვერ აგროვებდა. და სხვათა შორის, ამ აქციების “ნაციონალური მოძრაობსთვის” მიწერაც “ოცნების” სადეზინფორმაციო ნარატივია მის კრიტიკოსთა იმ შეკრებების დისკრედიტაციისთვის, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურად იქცა.

მაგრამ მთავარი, რაც ჩვენმა აფხაზმა მკითხველმა უნდა იცოდეს, ისაა, რომ ამ აქციებს არაფერი აკავშირებს არც აფხაზეთთან, არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან: ეს საკითხი ხსენებულ მიტინგებზე არ გაჟღერებულა, მათი თემა არ ყოფილა. დანამდვილებით უნდა ითქვას ისიც, რომ ამ აქციებს არაფერი აქვს საერთო რაღაც “მობილიზებასთან”. საწინააღმდეგოს მტკიცებულებებს ხსენებული აუდიოჩანაწერის ვერც ავტორი წარმოადგენს, ვერც დამკვეთი, ვერც ვინმე სხვა. ასე, რომ დიახ, მომიტინგეთა ზღვა შთამბეჭდავი სანახაობაა, მაგრამ აფხაზეთს მათი არ უნდა ეშინოდეს! მათი უნდა ეშინოდეს მხოლოდ “ოცნებას” და თუ ამ აქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავი კომენტარებით ვიმსჯელებთ, საქართველოს ხელისუფლება, სულ მცირე, დაბნეულია.

მდინარე ენგურის როგორც აქეთ, ისე ახლა უკვე იქით მხარეს გავრცელებული “საომარი” სადეზინფორმაციო პროპაგანდისტული ნარატივების მსგავსების გათვალისწინებით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ თუკი “სერიოზულმა ადამიანმა” აუდიოჩანაწერის ავტორს მსგავსი სიცრუე მართლაც შეატყობინა, ეს ქმედება იმავე ძალებისგან მომდინარეობს, რომლებიც ანალოგიური სიცრუით ქართველების ტვინებზე ზემოქმედებას ცდილობენ. აფხაზეთში ნებისმიერი სახის “საომარი სამზადისი” ხომ მშვენივრად გამოდგებოდა ახლა უკვე რეალური საფუძვლის შესაქმნელად იმ სადეზინფორმაციო ნარატივისთვის, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება საქართველოს ომისგან იცავს”.

ამავდროულად, ქართველებისადმი სიძულვილის მორიგი ტალღის აგორება და აფხაზეთის მოსახლეობის დაშინება ახლა ძალიან აწყობს პუტინის რუსეთს, რომელმაც მოახერხა, “დაეყოლიებინა” სოხუმის ხელისუფლება, მაგრამ არა მოსახლეობა იმაზე, რომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის ნაწილად იქცეს. მალე შეიძლება, თქვან, მაგალითად, "აფხაზეთის უსაფრთხოება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში იქნება დაცულიო” – და მორჩა, სულ ბედნიერად მეყოლეთ, აფხაზებო!

ახალი ამბები

სხვა სიახლეები