მადრიდის სამიტი – ნატო–ს 5 მთავარი გამოწვევა

28-06-2022 11:54:46 , ,

დღეს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ნატო–ს სამიტი იწყება. ალიანსის წევრი ქვეყნების სამდღიანი შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ნატო–ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებაა.

როგორც გუშინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მადრიდის სამიტზე ალიანსის ლიდერები უკრაინისთვის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტზე შეთანხმდებიან, ასევე დაამტკიცებენ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 3 წლის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნატო–ს „მკვდარი ტვინი" უწოდა, იმ მომენტიდან, როდესაც რუსული ტანკები შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის პასუხი იყო გასაოცარი მისი ერთიანობით, სისწრაფითა და ენერგიით.

5 მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ნატო სადღეისოდ დგას:

  • უკრაინის ომის ესკალაციის თავიდან აცილება

მსოფლიოს უძლიერეს სამხედრო ალიანსს, რომელიც მოიცავს 30 წევრ სახელმწიფოს (მათგან სამი – აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი) ბირთვული იარაღის მქონეა, არ სურს რუსეთთან ომი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ შეახსენა დასავლეთს, რომ მას აქვს უზარმაზარი ბირთვული არსენალი და მცირე საზღვრისპირა შეტაკებამაც კი შეიძლება, სწრაფად გამოიწვიოს უკონტროლო სიტუაცია. ასე რომ, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ყველაზე დიდი გამოწვევა იყო და ახლაც რჩება, როგორ დაეხმაროს დასავლეთი უკრაინას თავის დაცვაში, ალიანსის ბრძოლაში ჩათრევის გარეშე.

მადრიდის სამიტზე ლიდერებს მოუწევთ მსჯელობა იმაზე, თუ რა სახის სამხედრო დახმარება შეუძლიათ გაუწიონ ნატო–ს ქვეყნებმა კიევს და კიდევ რამდენი ხანით.

ამ დროისთვის მოსკოვს წნსვლა აქვს დონბასში, თუმცა სიცოცხლისა და მატერიალური ზარალის უზარმაზარი ფასად. მოლოდინი არის, რომ რუსეთი შეეცდება, დონბასს იგივე ბედი გაუზიაროს, რაც გააკეთა ყირიმთან დაკავშირებით 2014 წელს.

სამშვიდობო ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, ნატო მოგვიანებით ახალი დილემის წინაშე დადგება. განაგრძობს თუ არა ის უკრაინელების შეიარაღებას, რადგან ისინი ცდილობენ უკან დაიბრუნონ ტერიტორიები, რომელსაც ახლა მოსკოვი რუსეთის ფედერაციის ნაწილად მიიჩნევს? კრემლმა აჩვენა, რომ დასავლური იარაღი, რომელიც მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოიყენება, კვეთს "წითელ ხაზს", ამიტომ ესკალაციის რისკი მკვეთრად გაიზრდება.

  • უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთის ერთიანობის შენარჩუნება

რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესა, მათ შორის დასავლეთმა. ევროკავშირის სანქციების მე–6 პაკეტი სერიოზულად აზიანებს რუსეთის ეკონომიკას და გერმანიამ ამ დროისთვის გააუქმა მრავალმილიარდიანი "Nord Stream 2"–ის მილსადენის პროექტი, რომელიც რუსულ გაზს ჩრდილოეთ გერმანიაში მიიტანდა. მაგრამ დასავლურ ალიანსში განხეთქილებაა იმის თაობაზე, თუ რამდენად შორს უნდა წავიდეს დასავლეთი რუსეთის დასჯის კუთხით და რამხელა ტკივილის ატანა შეუძლია თავად დასავლეთის ეკონომიკა, რომელიც საერთაშორისო სანქციების გამო მზარდია. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ალიანსის წევრი ქვეყნები სავარაუდოდ, მადრიდში გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ გერმანიას ადანაშაულებენ უკრაინისთვის იარაღის დაპირებული მიწოდების გაჭიანურებაში. ამასთან, ის ქვეყნები, რომლებიც მოსკოვის მხრიდან საფრთხის წინაშე ყველაზე მეტად დგანან, კერძოდ, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, დასავლეთის სხვა სახელმწიფოებს უბიძგებენ მაქსიმალურად მკაცრი ზომების მიღებისკენ და მათ საზღვრებზე ნატო–ს წარმოდგენილობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისკენ.

  • ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა

ამ რეგიონს აქვს პოტენციალი, გახდეს ნატო-სა და რუსეთს შორის მთავარი დაძაბული წერტილი. მიმდინარე თვეში რუსეთი დაემუქრა "პრაქტიკული კონტრზომებით" ლიტვას, მას შემდეგ რაც ლიტვამ დაბლოკა ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონელის გატარება კალინინგრადის მიმართულებით.

ცოტა ხნის წინ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა გააკრიტიკა ნატო რუსეთის საზღვრისპირა შესაძლო შემოჭრისთვის არასათანადო მომზადებისთვის. სადღეისოდ არსებული სტრატეგია ითვალისწინებს ესტონეთის ტერიტორიის დაბრუნების მცდელობას მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკვე შემოიჭრება.

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ოდესღაც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყვნენ, დღეს ისინი დამოუკიდებელი ერები არიან და ყველა ნატო–შია. ამ სამ ქვეყანაში, პოლონეთთან ერთად, ნატო–ს ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო ბატალიონია განლაგებული.

მიუხედავად ამისა, ეს წარმოდგენილობა ძალიან მცირეა იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ რუსეთის შესაძლო შეჭრა. ბალტიისპირეთის ლიდერებს ახლა სურთ, სულ მცირე, ნატო–ს ძალები განლაგდეს ყველა ქვეყანაში, როგორც მთავარი შემაკავებელი. ეს, სავარაუდოდ, მადრიდში მწვავე დებატების საგანი იქნება.

  • ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების უფლება

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა გადაწყვიტეს, რომ უარი თქვან ნეიტრალიტეტზე და შეუერთდნენ ნატო–ს. ალიანსი მათ ხელგაშლილი ხვდება, მაგრამ ეს არც ისე მარტივია. თურქეთი, რომელიც არის წევრი 1952 წლიდან, ბლოკავს მათ დამატებას იმის გამო, რომ ორივე ეს სკანდინავიური ქვეყანა ქურთ მებრძოლებს იცავს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს.

მაგრამ იმის გამო, რომ ფინეთი და შვედეთი ნატო–სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ღონე იქნება გამოყენებული თურქეთის წინააღმდეგობების გადასაჭრელად. როგორც კი ისინი შეუერთდებიან ალიანსს, ბალტიის ზღვა ფაქტობრივად გახდება "ნატო–ს ტბა", რომელიც ესაზღვრება რვა წევრ სახელმწიფოს.

უფრო შორს რომ გადავხედოთ, ნატო–მ უნდა გადაწყვიტოს, აპირებს თუ არა ოდესმე ახალი წევრების მიღებას, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ისედაც პარანოიდული კრემლის პროვოცირების ყველა რისკის გათვალისწინებით.

  • თავდაცვის ხარჯების სასწრაფო ზრდა

ამჟამად ნატო–ს წევრები ვალდებულნი არიან დახარჯონ თავიანთი წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 2% თავდაცვაზე. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) უახლესი მონაცემები აჩვენებს, როცა აშშ-მა დახარჯა მშპ-ის 3.5% თავდაცვაზე, ბრიტანეთმა – 2.2%, გერმანიამ – მხოლოდ 1.3%, ხოლო რუსეთმა – 4,1%.

გუშინ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ნატო–ს 30 წევრი ქვეყნიდან ალიანსის 2%-იან სტანდარტს მხოლოდ 9 ქვეყანა იცავს.

"ამჟამად მხოლოდ ცხრა მოკავშირემ მიაღწია ან გადააჭარბა 2%-იან მიზანს. ცხრამეტ მოკავშირეს აქვს მკაფიო გეგმები, რომ აღნიშნულ მაჩვენებელს 2024 წლისთვის მიაღწიოს და დამატებით ხუთს აქვს კონკრეტული ვალდებულებები შემდგომში მის შესასრულებლად. მადრიდის სამიტზე ჩვენ შევთანხმდებით ნატო–ში მეტი ინვესტიციის განხორციელების თაობაზე ჩვენი უსაფრთხოების საკეთილდღეოდ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

დასავლელი სამხედრო მეთაურები და ანალიტიკოსები ერთხმად მოითხოვენ თავდაცვის ხარჯების სასწრაფო გაზრდას, თუ დასავლეთი რუსეთი შემდგომი აგრესიის შეკავებას აპირებს. რაც უფრო შემაშფოთებელია, რუსეთიც და ჩინეთიც წინ უსწრებენ დასავლეთს ჰიპერბგერითი რაკეტების შემუშავებით, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი სამიზნისკენ ხუთჯერ მეტი სიჩქარით მოძრაობა.

საკვებისა და საწვავის მკვეთრი ფასების ზრდისა და პანდემიის ფონზე დასავლეთის ქვეყნების ბიუჯეტები უკვე შემცირებულია. თავდაცვისთვის კიდევ უფრო მეტი თანხის გამოყოფა შეიძლება, არაპოპულარული იყოს რიგი ქვეყანის შიგნი, როდესაც არსებობს ამდენი სხვა მწვავე მოთხოვნა მთავრობის ხარჯებთან დაკავშირებით. მაგრამ დასავლეთის სამხედრო მეთაურები აფრთხილებენ, რომ თუ ნატო ახლა არ გააძლიერებს თავის უსაფრთხოებას, მაშინ მომავალში რუსეთის შემდგომი აგრესიის საფასური უსასრულოდ დიდი იქნება.

მასალა მომზადებულია BBC-ს მიხედვით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები