სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე "ქართულ ოცნებას" ტოვებენ

28-06-2022 20:56:04 პოლიტიკა

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.,– ამის შესახებ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ამის მიზეზი ძალიან მარტივად რომ გითხრათ, გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელი უმრავლესობის სხდომაზე, რასთან დაკავშირებითაც წინა თვის განმავლობაშიც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს, მათი აზრით. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ კულისებიდან პოლიტიკური ფაქტების და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისათვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით შესაძლოა, გარკვეული უხერხულობები შექმნან ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. გუნდი, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა, თუმცა მათი გადაწყვეტილება, როგორც დღეს უკვე დისკუსიაში ჩვენთან ჩანდა, იყო საბოლოო და უმრავლესობაზეც იგივე პოზიცია დააფიქსირეს. კიდევ ერთხელ ყოველგვარი ინტერპრეტაციისგან რომ დავცალოთ ეს გადაწყვეტილება, მათ მიაჩნიათ, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც გარეთ უნდა გამოვიდეს, საჯარო გახდეს, არაა საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოებამ სწორი დასკვნები გააკეთოს და სწორედ ეს იყო შეუთანხმებლობის ერთადერთი მიზეზი“,– თქვა მდინარაძემ.

მმართველ გუნდს პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავდა, სამი დეპუტატის მიერ პარტიის დატოვების შემდეგ დარჩა 81 სადეპუტატო მანდატი. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვას კიდევ ექვსი მანდატი აშორებს.

იხილეთ ასევე: სუბარმა, ხუნდაძემ და ყაველაშვილმა პარტიის დატოვების შემდეგ პირველი კომენტარები გააკეთეს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები