ბულგარეთი რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს

28-06-2022 22:57:48 ევროპა

ბულგარეთი რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.

როგორც ბულგარეთის პრემიერ–მინისტრმა კირილ პეტკოვმა განაცხადა, რუსეთის საელჩოს აღნიშნული თანამშორმლები ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ. კერძოდ, მათ დიპლომატიური პასპორტები ჰქონდათ, მაგრამ ისინი ეწეოდნენ „არაჩვეულებრივ საქმიანობას“, რომელიც ბულგარეთის უსაფრთხოების სამსახურებმა დაადგინეს.

„ეს არ არის აგრესია რუსი ხალხის წინააღმდეგ. ნებისმიერი, ვინც საგარეო ინტერესებისთვის მუშაობს, იძულებული იქნება დაბრუნდეს ქვეყანაში, საიდანაც ის მოვიდა“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერმა და დასძინა, რომ გაძევებული რუსების უმეტესობა უშუალოდ მუშაობდა საგარეო დაზვერვის სამსახურში და დიპლომატიური სტატუსს შესანიღბად იყენებდნენ.

ბულგარეთი ქვეყანას ატოვებინებს რუსეთის ფედერაციის მრჩეველ-დესპანს ვოსკრესენსკის, გენერალურ კონსულებს ვარნასა და რუსეში, კულტურულ-საინფორმაციო ცენტრის დირექტორს. ქალაქ რუსეში რუსეთის გენერალური საკონსულოდან გააძევებენ ყველა დიპლომატსა და ტექპერსონალს. რუსეთის საელჩოში აღნიშნეს, რომ ვარნაში გენერალური საკონსულო დიპლომატების გაძევების გამო პრაქტიკულად თანამშრომლების გარეშე დარჩა.

ეს არ არის ბულგარეთიდან რუსი დიპლომატების პირველი გაძევების აქტი. მარტის დასაწყისში ქვეყნის კონტრდაზვერვამ აღმოაჩინა თადარიგის გენერალი, რომელიც ჯაშუშობდა კრემლის სასარგებლოდ. ამის საპასუხოდ ბულგარეთის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა. იმავე თვის ბოლოს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ათი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აპრილის დასაწყისში ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სოფიაში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი, რომელზეც ბულგარეთის ხელისუფლება ასევე ჯაშუშობას ეჭვობდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები