კუნძულ ზმეინიდან რუსული ძალების ევაკუაცია განხორციელდა

30-06-2022 13:25:08 ევროპა

რუსული სახელისუფლებო მედიასაშუალებები ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინული კუნძული ზმეინი დატოვეს.

მიზეზად „კეთილ ნებას“ და „დავალებების შესრულებას“ ასახელებენ. ამასთან, აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით „არ მისცემენ კიევს მარცვლეულის ექსპორტის თემის სპეკულირების შესაძლებლობას“.

უნდა აღინიშნოს, რომ კრემლმა „კეთილი ნების“ არგუმენტი გამოიყენა მაშინაც, როდესაც წარუმატებლობის შემდეგ იძულებული გახდა, ძალები კიევის მისადგომებიდან გაეყვანა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებამდე უკრაინის ოპერატიულმა სარდლობამ – "სამხრეთი" განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ ნაჩქარევად მოახდინა გარნიზონის ნარჩენების ევაკუაცია კუნძულიდან უკრაინის სამხედრო დარტყმების შემდეგ:

”ღამის განმავლობაში ჩვენი სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების მიერ ზმეინის კუნძულზე საცეცხლე შეტევებით სამხედრო ოპერაციის წარმატებული შემდეგი ეტაპის შედეგად, მტერმა ნაჩქარევად მოახდინა გარნიზონის ნარჩენების ევაკუაცია ორი ჩქაროსნული ნავით და სავარაუდოდ, დატოვა კუნძული.

ახლა კუნძული ცეცხლით არის დაფარული, ისმის აფეთქებების ხმა. მიმდინარეობს ოპერაციის საბოლოო შედეგების შესწავლა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები