ისტორიული სამიტის შედეგები: თბილისის მიერ ხელიდან გაშვებული კიდევ ერთი შესაძლებლობა?

30-06-2022 19:22:28 ანალიზი

29 ივნისს მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა მადრიდის ნატო–ს სამიტი, იყო რა მოლოდინი კონკრეტული გადაწყვეტილებების, რომელიც ადეკვატური იქნებოდა რუსეთის მიერ მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისა. და მართლაც იქნა მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება: ნეიტრალური ფინეთი და შვედეთი მაპი–ს (ნატო–ს წევრობის სამოქმედო გეგმა) გარეშე გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები, ხოლო რუსეთი ალიანსის მიერ პირველად დასახელდა საფრთხედ, რასაც პროცესზე დამკვირვებლები დაგვიანებულს, თუმცა მნიშვნელოვანს და აუცილებელს უწოდებენ. ამასთან, მათ მნიშვნელოვნად ესახებათ ალიანსის წევრების მხრიდან რუსეთის არა მხოლოდ საფრთხედ დანახვა, არამედ მთელი რიგი ღონისძიებები, რომელმაც უნდა გააძლიეროს რუსეთის შეკავება და უკრაინის თავდაცვისუნარიანობა.

„ფინეთის და შვედეთის მიღება ძალიან სწორი ნაბიჯია. ამ შემთხვევაში ალიანსმა ნამდვილად აჩვენა თავისი ეფექტიანობა და ზოგადად, ნატო–ში ახალი პერიოდი იწყება – მაპი–ს გარეშე სახელმწიფოს მიღების, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია: ეს გარემოება, როგორც პრეცედენტი, სამომავლოდ უნდა გამოვიყენოთ“,– ამბობს „აქცენტთან“ პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ-მკვლევარი თენგიზ ფხალაძე.

რაც შეეხება საქართველოს, თუ ექსპერტულ წრეებში ბოლო თვეების განმავლობაში სწორედ რომ დასავლეთში შეცვლილი განწყობების და რუსეთის საფრთხედ დანახვის პირობებში საქართველოსთვის შესაძლებლობების „ფანჯარაზე“ მსჯელობდნენ (მათ შორის, ერთ–ერთ ვერსიად განიხილებოდა, საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების მხარდამჭერ თურქეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გამოყენება, ქვეყანა ანკარის მიერ ფინეთისა და შვედეთის კონტექსტში წაყენებულ მოთხოვნებში ერთ–ერთ პირობად ქცეულიყო), ჯერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შექმნილმა შეფერხება (რაზეც მოქალაქეთა აქტიური ნაწილი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს), შემდეგ პრემიერ ღარიბაშვილის მიერ კატარში გაკეთებულმა განცხადებამ, „ჯერ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ, შემდეგ გავწევრიანდეთ ნატო–შიო“ (რასაც პარტნიორებთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე ბევრი სპეციალისტი ცალსახად არასწორს და დანაშაულებრივს უწოდებს), მადრიდის სამიტი საქართველოს კონტექსტში მოლოდინებისგან დაცალა. შემდეგ კი ყურადღება მიიპყრო მადრიდის სამიტის დეკლარაციაში ჩანაწერმა:

იხილეთ ასევე: ვეტო ერდოღანის ხელში და საქართველოს შანსი, თურქეთის ერთ–ერთ პირობად იქცეს

„ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ პარტნიორებზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, მათ შორის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა ავაშენოთ მათი მთლიანობა და მედეგობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენი შესაძლებლობების ამაღლების მხარდაჭერას სამხრეთის პარტნიორებისთვის“, — ნათქვამია მადრიდის სამიტის დეკლარაციაში.

2008 წლის შემდეგ ეს არის ნატოს სამიტის პირველი დეკლარაცია, რომელიც არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. თუმცა საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას ადასტურებს ნატო–ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მადრიდის სამიტზე დაამტკიცეს.

„საქართველოს კონტექსტში ასეთი სუსტი დეკლარაცია არასდროს ყოფილა: პირველადაა, რომ არ გვაქვს არც ასპირანტის სტატუსი, არც ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე ხაზგასმა, არ გვაქვს ის ძლიერი პოლიტიკური დეკლარაცია, რაც გვქონდა 2014 წელს, 2016–ში, 2018–ში. კარგია, რომ სტრატეგიულ კონცეფციაში არის ბუქარესტი ნახსენები და ის, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ეს ნატოს– დამოკიდებულებას გამოხატავს, რომ ერთგულია გადაწყვეტილების და გადადგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით: ეს შეიძლება იყოს დამატებითი წვრთნები, შეიარაღება, ინფორმაციის გაცვლა, გადამზადება, პროფესიონალიზმის ამაღლება. მაგრამ, როდესაც ვლაპარაკობთ პოლიტიკურ წინსვლაზე, აქ ჩვენი აქტიურობაა საჭირო. პარტნიორები დაგვეხმარებიან მაშინ, როდესაც ჩვენ მივდივართ წინ. ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს და ეს უნდა გავითვალისწინოთ. დანარჩენ კონტექსტში რომ არ ვართ ნახსენები, ეს ნიშნავს, რომ არ ვიმუშავებთ ისე, როგორც ეს იყო საჭირო! მსგავსი გადაწყვეტილებები სამიტზე არ მიიღება – ამას სჭირდება ქვეყნებთან მუშაობა! დოკუმენტში ჩაწერილ თითოეულ სიტყვაზე ყველა სახელმწიფოსგან უნდა გქონდეს თანხმობა. ამას კი ერთ დღეში ვერ მოასწრებ, ამას სამიტამდე სჭირდება მუშაობა. ამიტომაც მივიღეთ ის, რაც მივიღეთ!“.

ფხალაძე წუხს, რომ „შეგვეძლო, ვყოფილიყავით წინ და ვართ უფრო უკან“ და რომ ვიდრე სკეპტიკურ ქვეყნებთან მუშაობას არ ვისწავლით, სამიტების იმედი ტყუილად არ უნდა გვქონდეს:

„როდესაც დოკუმენტებში წერია, რომ საქართველო თავსებადია ნატო–სთან, ჩვენ უნდა გვემუშავა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც პრეცედენტი ჩნდება მაპი–ს გარეშე ქვეყნის მიღების. ეს უნდა გამოგვეყენებინა! საქართველოსთან დაკავშირებით არანაირი ჩანაწერი, რომელიც პოლიტიკური სიახლე იქნებოდა, არ არსებობს! პრაქტიკული თანამშრომლობა რომ გვაქვს ნატო–სთან, ეს ვიცით, აქ ლაპარაკია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. სწორედ პოლიტიკური განცხადებები დაგვაკლდა“.

ამასთან, ფხალაძე აბსოლუტურად არასწორს უწოდებს ღარიბაშვილის მიერ ნატო–სთან დაკავშირებით გაკეთებულ ზემოხსენებულ განცხადებას და იხსენებს ნატო–ში განაცხადის წარდგენამდე ე.წ. „სკეპტიკურ“ ქვეყნებთან გაწეულ სამუშაოს, რათა საქართველოს სურვილი მათთვის სიურპრიზი არ გამხდარიყო და აქცენტირებს გერმანიის მაგალითზეც, რომელიც დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის პირობებში გახდა ალიანსის წევრი:

„როდესაც ნატო–ში განაცხადი შეგვქონდა, ვმუშაობდით ყველა სკეპტიკურ ქვეყანასთან, რომ ეს არავისთვის ყოფილიყო სიურპრიზი. შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ დღიდან განაცხადის შეტანისა – 2002 წლის ნოემბრისა – არავის, არც ერთ სახელმწიფოს არ დაუყენებია ასე საკითხი, „ჯერ ტერიტორიული მთლიანობა და შემდეგ განცხადების შემოტანაო“ და რატომ ვაბრალებთ მათ იმას, რაც არ უთქვამთ? საქართველომ განაცხადი რომ შეიტანა, მისი ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული იყო. ეს ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ და მიუხედავად ამისა, განაცხადი გაგვაკეთებინეს: სამიტზე ხომ მიგვიწვიეს და იცოდნენ, რაც უნდა გვეთქვა?! გიამბობთ სწორედ იმას, რა პროცესის მომსწრე და მონაწილეც ვარ – ვიმეორებ, წინასწარ ჩატარდა კონსულტაცია ქვეყნებთან, რომ ეს მათთვის სიურპრიზი არ ყოფილიყო“.

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძეც ფიქრობს, რომ საქართველოს უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის ნატო–სთან თანამშრომლობის გაღრმავების კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მიღწევა და მეტი დახმარების მიღება იყო შესაძლებელი.

„ადრე გვეუბნებოდნენ, „სტრატეგიული მოთმინება იქონიეთ და „ფანჯარა“ გაიხსნებაო“. ეს ფანჯარა ევროკავშირის მიმართულებით გაიხსნა, რაც ოთხი თვის წინ წარმოუდგენელი იყო. ამას ადასტურებს უკრაინისა და მოლდოვისთვის EU–ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემა, ჩვენთვის (მიუხედავად ბოლო პერიოდის დემოკრატიული მაჩანჩალობისა) – პერსპექტივის. ანუ მოცემულობა სწრაფად და მუდმივად იცვლება და სტრატეგიული, რუსეთის საფრთხედ აღქმის და ქვეყნების ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით, იცვლება ჩვენს სასარგებლოდ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცვლილება ავტომატურად იწვევს ჩვენს წევრობას. ჩვენ შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. რაც შეეხება მადრიდის სამიტს, მეტი კონკრეტული დახმარება, პოლიტიკური განცხადებების სიმრავლე, ხაზგასმა თანამშრომლობაზე და ამ ფარგლებში მეტის მიღება მიღწევადი იყო – იგივე უელსის სამიტზე მიღებული დახმარების პაკეტის განვითარება, მის ფარგლებში საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების გამტკიცებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი პროგრამები. თუ გადავხედავთ უკრაინას, იქნება ეს იარაღი, წვრთნები, სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, გაცილებით ინტენსიურია. მესმის უკრაინის ვითარება, მაგრამ ჩვენც არ ვართ შორს. გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით – იგივე წვრთნების, იარაღის გადმოცემის კუთხით. ბევრი მიმართულებაა, ნაწილობრივ ან საერთოდ რომ არ მიმდინარეობს თანამშრომლობის გაღრმავება ნატო–სთან! მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობის პოლიტიკის პროდასავლურიდან პრორუსულისკენ შემოტრიალებაზე ბევრი ჩვენი მხარდამჭერი საუბრობს და კატარში გაკეთებული განცხადებაც აბსოლუტურად რუსული პროპაგანდის ხაზია! მსგავსი რამ ნატო–ს არასდროს არ უთქვამს, რადგან ფაქტობრივად ეს საქართველოს მიმართულებით ნატო–ს გაფართოებაზე რუსეთის ვეტო–ს აღიარებაა, რასაც ნატო მხარს არასდროს უჭერდა!“.

ანალიტიკოსი შიშობს, რომ არსებული დინამიკა, როდესაც ნატო–ს მიმართულებით გაიხსნება „ფანჯარა“, რაც სწრაფად ცვალებადი გარემოს ფონზე რთულად პროგნოზირებადია, მნიშვნელოვნად ნეგატიურ როლს ითამაშებს საქართველოს კონტექსტში.

„ყველაზე დიდი მარცხი საქართველოსთვის და ნულოვანი შედეგი“, – ამგვარია თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინათინ ხიდაშელის შეფასება თბილისისთვის მადრიდის სამიტის შედეგების და დეკლარაციაში საქართველოს მოლდოვასთან დაჯგუფებას.

მოლდოვა არის ნეიტრალური სახელმწიფო და სამხედრო ბლოკში გაწევრიანების გაცხადებული მიზანი არ აქვს, თუმცა ნატო-სთან რიგ საკითხებში თანამშრომლობს, საქართველო კი, ხიდაშელის თქმით, ამ დრომდე განიხილებოდა „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების“ (EOP) კლუბში.

„დიდი პატივისცემით მოლდოვასადმი, მისი დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ჩემთვის პირადად ნატოს სამიტზე (ხაზს ვუსვამ, რომ ნატო-ზე ვსაუბრობ და არა — ევროკავშირზე) რამე ტიპის დოკუმენტი, რომელშიც საქართველო და მოლდოვა ერთად არის მოხსენიებული, არის ყველაზე დიდი მარცხი საქართველოსთვის. სულ რამდენიმე წლის წინ მოლდოვა ჰორიზონტზე არ არსებობდა [ნატოსთვის]. ჩვენ ყოველთვის ვიყავით გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორებში, ფინეთთან და შვედეთთან ერთად. ახლა უცბად ვართ მოლდოვასთან ერთად პროგრამაში, რომელიც არ ვიცით, რა არის და რომელსაც გვპირდებიან, რომ იქნება. ეს არის პირდაპირი შედეგი იმ აბსოლუტური ნულოვანი ჩართულობის, ნულოვანი ბრძოლის, ნულოვანი მოთხოვნის, რომელიც გააფორმა პრემიერმა ყატარში ფორუმზე, როდესაც თქვა, რომ ჯერ ტერიტორიული მთლიანობა და მერე — ნატო. ამის შედეგია, რაც მივიღეთ მადრიდში. ძალიან მრცხვენია, რომ ამ მდგომარეობაში აღმოვჩვდით“, — ამბობს ხიდაშელი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები