ზმეინის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში - ზელენსკი

01-07-2022 00:47:37 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზმეინის კუნძულის ოკუპანტებისგან გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში.

„ზმეინი კუნძული სტრატეგიული წერტილია და ეს მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში.ეს ჯერ კიდევ არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ჯერ არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მტერი არ დაბრუნდება. მაგრამ ეს უკვე მნიშვნელოვნად ზღუდავს ოკუპანტების ქმედებებს“.

მან მადლობა გადაუხადა დაზვერვის მთავარ სამმართველოს, შეიარაღებული ძალების სპეცრაზმს, არტილერისტებს, საჰაერო ძალებს ზმეინის გათავისუფლებისთვის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 30 ივნისს დაადასტურა კუნძულ ზმეინიდან რუსული ძალების ევაკუაცია. მიზეზად „კეთილი ნება“ და „დავალებების შესრულება“ დაასახელეს. ამასთან, განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯით „არ მისცემენ კიევს მარცვლეულის ექსპორტის თემის სპეკულირების შესაძლებლობას“.

უნდა აღინიშნოს, რომ კრემლმა „კეთილი ნების“ არგუმენტი გამოიყენა მაშინაც, როდესაც წარუმატებლობის შემდეგ იძულებული გახდა, ძალები კიევის მისადგომებიდან გაეყვანა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებამდე უკრაინის ოპერატიულმა სარდლობამ – "სამხრეთი" განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ ნაჩქარევად მოახდინა გარნიზონის ნარჩენების ევაკუაცია კუნძულიდან უკრაინის სამხედრო დარტყმების შემდეგ:

”ღამის განმავლობაში ჩვენი სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების მიერ ზმეინის კუნძულზე საცეცხლე შეტევებით სამხედრო ოპერაციის წარმატებული შემდეგი ეტაპის შედეგად, მტერმა ნაჩქარევად მოახდინა გარნიზონის ნარჩენების ევაკუაცია ორი ჩქაროსნული ნავით და სავარაუდოდ, დატოვა კუნძული. ახლა კუნძული ცეცხლით არის დაფარული, ისმის აფეთქებების ხმა. მიმდინარეობს ოპერაციის საბოლოო შედეგების შესწავლა“.

ფაქტთან დაკავშირებით, ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ "ზმეინის კუნძულზე რუსების მარცხი აჩვენებს, რომ უკრაინას შეუძლია, რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს":

„თუ გინდათ მტკიცებულება უკრაინელების გასაოცარი ბრძოლის უნარის, დაძლიოს უბედურება და მოიგერიოს, შეხედეთ, რა მოხდა დღეს ზმეინის კუნძულზე, სადაც რუსეთს კვლავ მოუწია უკან დახევა“, - განაცხადა ჯონსონმა მადრიდში ნატო–ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

„საბოლოოდ, პუტინისთვის შეუძლებელი იქნება დაიკავოს ქვეყანა, რომელიც არ მიიღებს მის მმართველობას", – დასძინა ჯონსონმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები