როგორ დაათმობინეს რუსულ ძალებს სტრატეგიული წერტილი

01-07-2022 13:53:15

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არგუმენტმა, რომ „კეთილი ნებით“ ტოვებს უკრაინულ კუნძულ ზმეინს, რომელიც სტრატეგიულ წერტილად ფასდება, ირონიულ განწყობაზე დააყენა პროცესზე დამკვირვებლები, ახსოვთ რა კრემლის მხრიდან ანალოგიური არგუმენტის მოშველიება წარუმატებელი შეტევების შემდეგ კიევის მისადგომებიდან უკან დახევისას.

„საინტერესოა, რომ ამ „კეთილ ნებას“ თან ახლდა ჯამში 30 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურება. რუსებს კუნძულზე განლაგებული გარნიზონის დასახმარებლად ხომალდის გაგზავნა არ შეეძლოთ და მიიღეს სასოწარკვეთილი გადაწყვეტილება – რეზინის ორი ნავით დატოვეს კუნძული (მათ აქვთ მსგავსი მსუბუქი, მოტორით აღჭურვილი ნავები, რომლის ბორტზეც 20 ადამიანი ეტევა) და თავად დაწვეს დარჩენილი ტექნიკა. ამჟამად კუნძული ჩვენს კონტროლს ქვეშაა, მაგრამ ვფიქრობ, ვიდრე იმ მანძილზე არ გავდევნით ოკუპანტებს, რომ მათი სამხედრო საშუალებები ვერ სწვდებოდეს კუნძულს, გარნიზონის გადასმას აზრი არ აქვს და არც რუსებს უნდა მივცეთ ამის უფლება: ასე რუსეთი ვერ გააკონტროლებს შავი ზღვის აკვატორიას კუნძულის მიმართულებით და სამოქალაქო გემების მოძრაობის არეალში“,– ამბობს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი.

არც რუს სამხედრო ექსპერტ იური ფიოდოროვს სჯერა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიის „კეთილი ნების“ თაობაზე და ამბობს, რომ ეს იყო დღევანდელობის მოსალოდნელი სენსაცია, რომელიც აუცილებლად მოხდებოდა, რადგან მისი დაკვირვებით, კუნძულის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები მეტ–ნაკლებად პროგრამირებული იყო ორი გარემოებით: დასავლური გემსაწინააღმდეგო იარაღით და უკრაინელების მიერ რუსებისთვის შექმნილი პრობლემებით კუნძულზე განლაგებული გარნიზონისთვის მიეწოდებინათ იარაღი. ამასთან, ის პატარა კუნძულის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„მას შემდეგ, რაც კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა, რუსულ ძალებს არ აღმოაჩნდათ (ან ჰქონდათ და გაუნადგურეს) საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელიც ცას „დახურავდა“ უკრაინის მნიშვნელოვან ტერიტორიაზე – შავი ზღვის სამხრეთ დასავლეთ მიმართულებით. ამდენად, ეს კუნძული სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის, რადგან მისი გამოყენებით შესაძლებელი ხდებოდა ყირიმიდან დნესტრისპირეთამდე საჰაერო „ხიდის“ უზრუნველყოფა. ამ ხიდის პირობებში კი რუსი გენერლები განიხილავდნენ დნესტრისპირეთში მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის გადასროლას. და თავში მოუვიდათ ბრიყვული იდეა, კომპლექსები კუნძულზე განელაგებინათ, „თუ ღმერთი დაგვიფარავს, უპირატესობას მივიღებთ არა მხოლოდ უკრაინის, მოლდოვის ცაზეცო“. ასევე გეგმავდნენ გემსაწინააღმდეგო რაკეტებს განლაგებას, რაც შავი ზღვის დასავლეთ მიმართულების დიდი ნაწილის გაკონტროლების შესაძლებლობას მისცემდათ. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ მსგავს საბრძოლო საშუალებებს სახმელეთო მიზნის იგივე წარმატებით განადგურება შეუძლიათ“.

ექსპერტი იზიარებს ოლეგ ჟდანოვის ცნობას, რომ უკრაინული ძალების ზეწოლის პირობებში რუსულ გემებს არ შეეძლოთ კუნძულთან მისვლა მაღალი რისკის გარეშე:

„მსგავსი მცდელობისას რუსული გემი (რომელსაც საბუქსირეს უწოდებენ, მაგრამ რეალურად საკმაოდ დიდი სამხედრო–სამაშველო ხომალდი გახლდათ), რომელსაც კუნძულზე ტაქტიკური ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები გადაჰქონდა, ამ საშუალებებიანად ჩაძირეს. შემდეგ იყო უკრაინელების შეტევა კუნძულზე დასავლური იარაღით. ამდენად, რუსული ძალებისთვის შექმნილმა არასახარბიელო ვითარებამ გადაწყვიტა კუნძულიდან გასვლის საკითხი და არა მოგონილმა „კეთილმა ნებამ“, რომელსაც რუსული მხრიდან ვერ ვხედავ“.

ცნობილი რუსი ჟურნალისტი ალექსეი ვენედიქტოვი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, კუნძულის დეოკუპაციის პროცესში სამმა ფაქტორმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი, მათ შორის სამხედრო კომპონენტმა, ვლადიმირ პუტინი კი ვაჭრობს, მით უფრო, როდესაც ამ შემთხვევაში კუნძულის შენარჩუნება არ შეეძლო. სამი კომპონენტი ვენედიქტოვის მიხედვით:

  • სამხედრო კომპონენტი – ცალსახაა, რომ რუსული არმია იძულებული გახდა, დაეტოვებინა კუნძული უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლით. როგორც ირკვევა, აქ არსებითი როლი ითამაშა ფრანგულმა „ცეზარმა“ [საარტილერიო სისტემა], რომლითაც უკრაინელები ნაპირიდან ბომბავდნენ კუნძულს (საფრანგეთმა უკრაინა 12 „ცეზარი“ გადასცა და კიდევ 6 აღუთქვა).
  • დიპლომატიური კომპონენტი – ზმეინი ნამდვილად არის სტრატეგიული წერტილი. ასეთივე იყო ჯერ კიდევ რუსეთ–თურქეთის ომის დროს და ახლა მით უმეტეს, მარცვლეულის ექსპორტის კონტექსტში: ის ფარავს მარშრუტს, რომლის მეშვეობითაც უკრაინული მარცვლეული ოდესიდან რუმინულ პორტში შედიოდა. რამდენადაც ვიცი, უკრაინულმა მხარემ თურქეთში მოლაპარაკებებისას მარცვლეულის განბლოკვის კონტექსტში დააყენეს ამ კუნძულიდან რუსული ძალების გასვლის პირობა. პროცესში აბსოლუტურად მოულოდნელი პირი ჩაერთო: აღმოჩნდა, რომ მარცვლეულის ისტორიაში სენეგალის პრეზიდენტმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ორგანიზაცია „აფრიკული ერთობის“ თავმჯდომარეა. როგორც მიამბეს, მან დაურეკა პუტინს, რადგან მარცვლეულის პრობლემა და მისი უკრაინიდან მიწოდება უშუალოდ აფრიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მან ივაჭრა ამ ისტორიაში. პუტინს კი არსებულ ვითარებაში არ სურს აფრიკაში მოკავშირეების დაკარგვა, მით უფრო მათი, რომლებიც არც ისე მკაფიოდ გამოსულან უკრაინაში ომის წინააღმდეგ.
  • პოლიტიკური ზეწოლა პუტინზე – დასავლეთის სახელმწიფოები ამ საკითხზე პასუხისმგებლობას ერთმნიშვნელოვნად პუტინს აკისრებენ და არა უკრაინას ან სხვას. მიმდინარეობს ზეწოლა. ეს პუტინის მინუსია და ეცდება ვაჭრობით პრობლემის გადაწყვეტას.

„ამდენად, ეს კომპლექსური მოვლენაა სამხედრო, პოლიტიკური და დიპლომატიური კომპონენტით, რაც ნიშნავს, რომ პუტინი ამჟამად არ გეგმავს ოდესის და დნესტრისპირეთის მიტაცების დაუყოვნებლივი ოპერაციის დაწყებას, რადგან ზმეინს ამ ოპერაციაში ცენტრალური ადგილი უკავია. ვიმეორებ, ფრანგული „ცეზარის“ მიწოდებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა კუნძულის ნაწილში.

რაც შეეხება მარცვლეულის საკითხს, ეს რთული პრობლემა, რომელიც ამ დროისთვის ამგვარადაა გადახლართული, რაზეც უკვე ვისაუბრე. შემდეგი ეტაპია პორტის განაღმვა, გემების გაცილება... კრემლში შიშობენ, თითქოს გემებით, რომლებიც შევლენ ოდესაში მარცვლეულის გამოსატანად, იარაღის შეტანაა შესაძლებელი. ამიტომ ისინი საერთაშორისო, უცხოური გემების ჩხრეკის მოთხოვნას აყენებენ. ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა“,– დასძენს ჟურნალისტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები