
ბულგარეთმა რუსეთის ულტიმატუმი არ მიიღო
01/07/2022 12:55:32 ევროპა
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა უარი თქვა რუსეთის ულტიმატუმზე, შეეცვალა გადაწყვეტილება რუსეთის დიპლომატიური კორპუსის 70 თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების შესახებ და კრემლის მოთხოვნას „მიუღებელი“ უწოდა.
30 ივნისს რუსეთის ელჩმა ბულგარეთში ელეონორა მიტროფანოვამ, ბულგარეთს გადასცა დიპლომატიური ნოტა, რომელშიც გამოთქმულია მუქარა, რომ დახურავენ საელჩოს სოფიაში, თუ ბულგარეთი არ უარყოფს გადაწყვეტილებას 1 ივლისის შუადღემდე.
პეტკოვმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ქმედება მიუღებელია.
„ჩვენ არ დავუშვებთ ბულგარეთის არასწორი გზით სვლას...ნებას არ მიცემთ უცხოელ დიპლომატებს, ულტიმატუმი წაუყენონ ბულგარულ სახელმწიფოს (შეასრულოს მათი მოთხოვნები) შუადღისთვის“, - თქვა მან.
ბულგარეთმა რამდენიმე დღის წინ რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომლის გაძევების შესახებ განაცხადა.
პეტკოვის განმარტებით, რუსეთის საელჩოს აღნიშნული თანამშორმლები ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ. კერძოდ, მათ დიპლომატიური პასპორტები ჰქონდათ, მაგრამ ისინი ეწეოდნენ „არაჩვეულებრივ საქმიანობას“, რომელიც ბულგარეთის უსაფრთხოების სამსახურებმა დაადგინეს.
„ეს არ არის აგრესია რუსი ხალხის წინააღმდეგ. ნებისმიერი, ვინც საგარეო ინტერესებისთვის მუშაობს, იძულებული იქნება დაბრუნდეს ქვეყანაში, საიდანაც ის მოვიდა“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერმა და დასძინა, რომ გაძევებული რუსების უმეტესობა უშუალოდ მუშაობდა საგარეო დაზვერვის სამსახურში და დიპლომატიური სტატუსს შესანიღბად იყენებდნენ.
ბულგარეთი ქვეყანას ატოვებინებს რუსეთის ფედერაციის მრჩეველ-დესპანს ვოსკრესენსკის, გენერალურ კონსულებს ვარნასა და რუსეში, კულტურულ-საინფორმაციო ცენტრის დირექტორს. ქალაქ რუსეში რუსეთის გენერალური საკონსულოდან გააძევებენ ყველა დიპლომატსა და ტექპერსონალს. რუსეთის საელჩოში აღნიშნეს, რომ ვარნაში გენერალური საკონსულო დიპლომატების გაძევების გამო პრაქტიკულად თანამშრომლების გარეშე დარჩა.
ეს არ არის ბულგარეთიდან რუსი დიპლომატების პირველი გაძევების აქტი. მარტის დასაწყისში ქვეყნის კონტრდაზვერვამ აღმოაჩინა თადარიგის გენერალი, რომელიც ჯაშუშობდა კრემლის სასარგებლოდ. ამის საპასუხოდ ბულგარეთის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა. იმავე თვის ბოლოს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ათი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აპრილის დასაწყისში ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სოფიაში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი, რომელზეც ბულგარეთის ხელისუფლება ასევე ჯაშუშობას ეჭვობდა.