
გინების და ძალადობის პრივილეგია
04/07/2022 12:01:46 კომენტარი
ყოფილი პარლამენტარი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ თუ პრეზიდენტს რეალურად სურს ქვეყნის ევროპული კურსის მხარდაჭერა, უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები – შეიწყალოს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, მოსთხოვოს ხელისუფლებას, ადეკვატურად უმკურნალოს ყოფილ პრეზიდენტს და დაუყენოს მათ საკითხი, რომ მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის პირობებში მიხეილ სააკაშვილსაც შეიწყალებს. სხვა შემთხვევაში, ფოფხაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს არაერთგზის მოუტყუებია ხალხი და არც ამ შემთხვევაში მოერიდება, როდესაც საქმე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას და ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება. ამავე კონტექსტში განიხილავს ყოფილი დეპუტატი სახელისუფლებო გუნდის საუბარს დეპოლარიზაციაზე, რაც ევროკავშირის ერთ–ერთი რეკომენდაციაა და მეორეს მხრივ, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის აბსოლუტურად არაცივილურ ქცევას, როდესაც მან პოლიციით გამაგრებული „ქართული ოცნების“ სათავო ოფისიდან აგინა „შინ ევროპისკენ“ აქციის მონაწილეები და ექს–პრეზიდენტი. ფაქტის ამსახველი ვიდეო სამხარაძემ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ატვირთა, ხოლო შემდეგ წაშალა. „ქართული ოცნების“ წევრებმა აღნიშნული გამოხატვის მათთვის მიუღებელ ფორმად შეაფასეს, თუმცა ვერ ხედავენ დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევის აუცილებლობას. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი ვერ ხედავს პრობლემას, მსგავსი მენტალობის თანაგუნდელთან ერთად იჯდეს პარლამენტში.
კონკრეტული ფაქტის შეფასებისას გედევან ფოფხაძე იხსენებს რამდენიმე დღის წინ აშშ–ის საელჩოში განვითარებულ მოვლენებს მმართველი გუნდის დეპუტატებისა და „ტვ პირველის“ მფლობელის მონაწილეობით. როგორც ცნობილია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა (ასევე საუბარია დეპუტატ მგალობლიშვილზეც) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვატო წერეთელს. ოხანაშვილმა თავდასხმა არ უარყო, თუმცა ჯერ მან და შემდეგ მმართველი გუნდის დანარჩენმა წევრებმა, მათ შორის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნული წერეთლის მხრიდან „პროვოკაციით“, „უკადრებლის კადრებით, ოხანაშვილისთვის „დედის ამაზრზენი ფორმით გინებით“ გაამართლეს. ფოფხაძის ანალიზით, სწორედ ამავე ლოგიკით გამოდის, რომ ასობით ადამიანი დღეს სარგებლობს ლეგიტიმური უფლებით, მოიქცეს ისევე, როგორც ოხანაშვილი.
„ერთის მხრივ ირაკლი კობახიძე საუბრობს, რომ არ უნდა იყოს პოლარიზება, მეორეს მხრივ, დიმიტრი სამხარაძე გამოდის და გვაგინებს უკანასკნელი სიტყვებით.
პარლამენტის წევრი, რომელიც ხალხის მსახური უნდა იყოს და ხელფასს ამისთვის იღებდეს, გამოდის და ამომრჩეველს აგინებს! ეს როგორი სტანდარტით უნდა იყოს გაგებული?! მიხეილ სარჯველაძე ამბობს, „ადამიანური სისუსტეაო“. ჯერ ერთი, ვიცი, რომ ეს არის სტანდარტი რომლითაც ცხოვრობს სამხარაძე და ასეთი დამოკიდებულება აქვს ყველას მიმართ...
ანრი ოხანაშვილის სტანდარტით რომ ვიხელმძღვანელოთ, დიმიტრი სამხარაძემ რამდენიმე ათას ადამიანს ლეგიტიმური უფლება მისცა, სადმე დახვდეს და გალახოს. ამათი ლოგიკით, 3 000 კაცი ახლა დადის ოფიციალური ინდულგენციით, ნებართვით, რომ გალახონ დიმიტრი სამხარაძე. ეს თუ ნორმალური ქვეყნის ნიშნებია და ასეთ ქვეყანას თუ ევროპაში რამე ესაქმება ... მგონია, რომ ხელისუფლება არა თუ გვაშორებს ევროპას, ყველაფერს აკეთებს, გვაქციოს ბანანის ქვეყნად, სადაც არ არის სამართალი, კანონი, კონსტიტუციის პატივისცემა. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მას აქვს ლეგიტიმური უფლება, სამუშაო ან არასამუშაო საათებში აგინოს თავის მოქალაქეებს [ფოფხაძე სავარაუდოდ, გულისხმობს ისნის გამგებლის მიერ 17 ივნისის აქციაზე შეკრებილი ათასობით ადამიანის გინებას, რომელიც შემდეგ მმართველ გუნდში „არასამუშაო საათებში“ აქტიურობით გაამართლეს – რედ.]. თუ ეს ჩვენ არ დავამთავრეთ, ისინი არ დაამთავრებენ! ისინი არიან ხიბლში, მოსწონთ შეგრძნება, რომ არიან ხალხზე გაბატონებული კლასი. ეს არის გაბატონებული ჯგუფი, რომელიც ხალხზე უკეთესად ცხოვრობს“,– ამბობს ფოფხაძე.
რაც შეეხება უშუალოდ დეპუტატ სამხარაძეს, ეს მისი მხრიდან უხამსი გამონათქვამების გამოყენების პირველი შემთხვევა არ არის და მსგავს რიტორიკას ხშირად იყენებს ზოგადად „ქართული ოცნების“ ოპონენტების წინააღმდეგ, თუმცა ამისთვის პასუხი არასოდეს უგია.
რაც შეეხება განათლებას და გამოცდილებას, პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული 42 წლის სამხარაძის დოსიე ასე გამოიყურება:
- 2014 წელს თბილისში დამთავრებული აქვს საზოგადოებრივი კოლეჯი „ორიენტირი“,
- 2016 წელს – რუსეთის აკადემიის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, სპეციალობით პერსონალის მართვა.
სამუშაო გამოცდილება:
- 2015 - 2016
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი
- 2012 - 2015
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
- 2009 - 2011
Vitakan oy წარმომადგენელი კავკასიაში
- 2008 - 2008
Baltic tank.oy, ბიზნეს გადამზადება
- 2004 - 2009
აზოტის ქარხნის შესყიდვების მენეჯერი
- 2003 - 2005
შპს „ლევიკოს“ ფინანსური მენეჯერი
- 2003 - 2003
5 Line production რეკორდ მენეჯერი
- 2001 - 2002
LTD IVI oy FINLAND პროექტმენეჯერი