„საქართველო კუნძული ვერ იქნება“  – ფინანსთა მინისტრი ინფლაციასა და მოლოდინებზე

04-07-2022 19:08:58 ეკონომიკა

ინფლაცია დღეს მსოფლიოსთვის ნომერ პირველი პრობლემაა, შესაბამისად, საქართველო ვერ იქნება კუნძული, რომ ინფლაციური წნეხი მხოლოდ მას არ შეეხოს,– ამგვარად აფასებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ინფლაციის მაღალ დონეს.

ინფორმაციისთვის: გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 12.8%-ზე დაფიქსირდა. საქსტატის მიხედვით, ყველაზე მკვეთრი ფასების ზრდა სურსათზე დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც წინა წელთან მიმართებით 21.8%-ით არის გაძვირებული. 19.4%-ით მეორე ადგილზეა ტრანსპორტის ჯგუფი, რაც საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება. ივნისში არსებული 12.8%-იანი ინფლაცია მაისში არსებულ ინფლაციაზე 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომელიც ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ახდენს გავლენას, გლობალურად ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე არსებული მაღალი ფასია, რაც არაპირდაპირ ახდენს გავლენას სხვა პროდუქტების ღირებულებაზეც.

„საქართველო ვერ იქნება ამ ნაწილში გამონაკლისი და რაღაც კუნძული, რომ მხოლოდ საქართველოს არ შეეხოს ინფლაციური წნეხი, როცა დანარჩენ მსოფლიოში ინფლაცია ნომერ პირველი პრობლემაა. ვხედავთ, რომ ინფლაცია ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, აშშ-ში, დანარჩენ მსოფლიოში არის ისტორიულ მაქსიმუმზე, 30-40-50 წლის მაქსიმუმზე, რაც კი ჰქონიათ ამ ქვეყნებს წლიური ინფლაცია. შესაბამისად, გადმოცემის ეფექტი, ბუნებრივია, აქ არსებობს.

ბუნებრივია, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამ ინფლაციაში არის საწვავი, ზოგადად, ნავთობპროდუქტები, რადგან საერთაშორისო ფასები გაზრდილია ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, რაც არაპირდაპირ ასახვას ჰპოვებს სხვა პროდუქტებთან მიმართებით. მეორე ჯგუფი, რაზეც ფასი არის გაზრდილი, ესაა სურსათის პროდუქტი, რომელთან მიმართებითაც ისტორიული მაქსიმუმი ფიქსირდება ყველა ქვეყანაში. ამას გარკვეულწილად აბალანსებს ადგილობრივი პროდუქცია, თუმცა ინფლაციის გადმოდინება ბუნებრივია მოხდება იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა“, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

რაც შეეხება ინფლაციის პროგნოზს, რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრი არ ელოდება, რომ ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე 3%-იან ნიშნულს 2023 წლის მეორე კვარტალში დაუბრუნდება, როგორც ამას ცენტრალური ბანკი პროგნოზირებს.

„ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინი არ შეიქმნას. ამ მიმართულებით ნამდვილად არის გადადგმული ნაბიჯები, შესაბამისად, მოლოდინი არის ის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაიწყებს შემცირებას, როგორც უკვე პროგნოზირებული იყო და მომდევნო წლის მეორე ნახევარში ის დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც არის განსაზღვრული ეროვნული ბანკის მხრიდან.

მეორე მხრივ, ის გამოწვევები, რაც არის რეგიონში და მსოფლიოში არსებობს, არანაირ გარანტიას არ გვაძლევს იმისას, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მეორე ნახევრისთვის ნამდვილად მიზნობრივ მაჩვენებლამდე იქნება. ეს დაშვება არის იმ პირობით, თუ დღეს არსებული რეალობა შენარჩუნდება. თუ კიდევ რამე შეიცვლება გეოპოლიტიკური, საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით, ბუნებრივია, გარკვეულ ასახვას ეს ჰპოვებს ინფლაციის მაჩვენებელზე. მეორე მხრივ ეროვნულ ბანკს აქვს სრულად ის ინსტრუმენტები, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფლაციის მოთოკვა იმდაგვარად, რომ ეს არ გადაიზარდოს გრძელვადიან მოლოდინებში და ინფლაცია დაუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს“, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის ფორმირებაზე მოქმედი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ნავთობპროდუქტებზე არსებული მაღალი ფასია, მედიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლაშა ხუციშვილს ჰკითხა, ხომ არ აპირებს მთავრობა საწვავზე არსებულ აქციზს გადახედოს, რაზეც ლაშა ხუციშვილი ასე პასუხობს:

„ინფლაციის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი არის საწვავი, მაგრამ არა - ერთადერთი. რაზეც საუბრობთ <აქციზის შემცირება>, ესაა ერთჯერადი ფაქტორი, რაც ამ ეტაპისთვის დაგეგმილი არ არის“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები