
ევროკავშირი რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავისუფლდება – ბორელი
05/07/2022 10:10:15 ევროპა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი თავისუფლდება რუსეთზე დამოკიდებულებისგან, რომელიც აფერხებდა პუტინის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების მიღებას.
„2022 წლის ბოლომდე ევროკავშირი 90%-ით შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს. ჩვენ ასევე სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს. ეს გადაწყვეტილებები თანდათან გვათავისუფლებს დამოკიდებულებისგან, რომელიც დიდი ხნის მანძილზე აფერხებდა ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს ვლადიმერ პუტინის აგრესიულობის წინაშე. ის ალბათ თვლიდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციაზე ენერგოდამოკიდებულების გამო. ეს ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვანი, არასწორი გათვლებიდან, რომელიც დაუშვა რუსეთის რეჟიმმა ამ კონფლიქტის დროს“, – აღნიშნავს ბორელი სტატიაში.
მისი შეფასებით, რუსულ ენერგორესურსებზე მსგავსი სწრაფი ტემპით უარის თქმა სერიოზულ სირთულეებს უქმნის ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, ისევე როგორც ეკონომიკის რამდენიმე სექტორს:
„ეს არის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ ჩვენი დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად და ჩვენ ვიღებთ აუცილებელ ზომებს ამ პრობლემების გადასაჭრელად სრული სოლიდარობით”.