კადეტთა სამხედრო ლიცეუმს პოლონელი მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ

22-06-2022 15:55:11 თავდაცვა ,რეკლამა

დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმს პოლონეთის, ქალაქ პოზნანის სავაჭრო სკოლა კომპლექსის მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ.

სტუმრებს ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ლიცეუმის სასწავლო პროცესის სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმდინარე, ერთობლივი სასწავლო გეგმები განიხილეს.

დღესვე პოლონელმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საბუნებისმეტყველო საგნების სახალისო ექსპერიმენტებში, მათ, ასევე, რობოტექნიკის ლაბორატორიაში ელექტრონული კომპონენტების დახმარებით სხვადასხვა პროექტები შექმნეს, დაათვალიერეს დაწყებითი სამხედრო მომზადების ცენტრი და ლიცეუმის ინფრასტრუქტურა. პოლონელი მოსწავლეები რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაერთვებიან კადეტთა სამხედრო-საველე სწავლებაში. ასევე, დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულება.

ვიზიტი სასწავლებლებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. მემორანდუმი ერთობლივ სასწავლო-შემეცნებითი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს, რომლის მიზანი კადეტთა მოტივაციის ამაღლება, ენობრივი დონის გაუმჯობესება, გამოცდილების გაზიარება და ქვეყანათა კულტურის გაცნობაა.

სამომავლოდ, 2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისში, დაგეგმილია კადეტთა ვიზიტი პოლონეთში, ქალაქ პოზნანის სავაჭრო სკოლა კომპლექსში, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ პოლონელი თანატოლების გამოცდილება გაიზიარონ, გაეცნონ მათი სასწავლებლის სპეციფიკას და მონაწილეობა მიიღონ საინტერესო, შემეცნებით სწავლებებში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები