
ანკარამ სომხეთს შეხვედრის ერევანში გამართვა შესთავაზა
05/07/2022 13:07:46 კავკასია
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ სომხეთს შესთავაზა, ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებზე შეხვედრა ერევანში ჩაატარონ.
„ჩვენ შევთავაზეთ სომხეთს [სპეციალური წარმომადგენლების] პირველი შეხვედრის ჩატარება ერევანში, მაგრამ სომხეთი ჯერ არ არის მზად ამისთვის შიდა ზეწოლის გამო“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის დანიშნული სპეცწარმომადგენლები მოსკოვში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ვენაში. ჩავუშოღლუმ მადლობა გადაუხადა ავსტრიას და დაინტერესდა: რატომ არ უნდა ჩატარდეს შემდეგი შეხვედრები თურქეთში ან სომხეთში? მან დაადასტურა, რომ თურქეთი სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის ყველა ეტაპზე კონსულტაციებს ატარებს აზერბაიჯანთან.
„ჩვენ გვინდა, რომ პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდეს“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ანკარა ასევე მხარს უჭერს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებას.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბრისას ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ უნდა გაიხსნას ზანგეზურის დერეფანი და სხვა სატრანსპორტო პროექტებიც განხორციელდეს.