ალიევი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებაში დახმარებას აშშ-ს სთხოვს

05-07-2022 17:22:24 კავკასია

შეერთებულ შტატებს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სწერს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მისალოც წერილში.

„იმ დროს, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ხელსაყრელი პირობები შეიქმნა მდგრადი მშვიდობისა და ეკონომიკური წინსვლისთვის, გვჯერა, შეერთებული შტატები შეძლებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში, კომუნიკაციების გახსნასა და ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარებაში.

ასევე გვჯერა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ფასეული წვლილი შეიტანოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადების პროცესში, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ხუთი პრინციპის საფუძველზე“, - ნათქვამია წერილში.

ალიევმა დასძინა, რომ აზერბაიჯანი აფასებს შეერთებული შტატების დახმარებას განაღმვის პროცესში და იმედს ამყარებს შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს დაკარგული დაახლოებით 4000 აზერბაიჯანელის ბედის გარკვევაში.

იხილეთ ასევე: დიალოგი რუსეთის გვერდის ავლით: „საინტერესო და იმედის მომცემი სურათი იკვეთება“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები