რუსეთი შეთქმულების მორიგ თეორიას გვთავაზობს

06-07-2022 12:39:42 მითები და რეალობა

რუსეთი კოღოების და ტკიპების ღამურებისა და ღორის ჭირის შემდეგ შეთქმულების ახალ თეორიას გვთავაზობს. კერძოდ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ვოლოდინი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გადაუხადოს კომპენსაცია კორონავირუსული პანდემიით დაზარალებულ ქვეყნებს, რადგან თითქოს ამერიკის ხელისუფლებაა ჩართული Covid-19-ის გავრცელებაში.

რუსი მაღალჩინოსანი ამ პროპაგანდისტულ გზავნილში ეყრდნობა არა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს, არამედ ამერიკელ ეკონომისტ ჯეფრ საქსს, რომელიც გამოთქვამს საკუთარ ვარაუდს, რომ კორონავირუსი შეიძლებოდა, შექმნილიყო აშშ-ს ბიოლაბორატორიაში, თუმცა აბსოლუტურად გაუგებარია მისი კვალიფიკაცია ვირუსოლოგიაში.

ვოლოდინი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა აგოს პასუხი კორონოვირუსის ისეთ შედეგებზე, როგორიცაა „მილიონობით ავადმყოფი და გარდაცვლილი, გლობალური ეკონომიკური კრიზისი, ხალხის ცხოვრების დონის ვარდნა“.

ინფორმაციისთვის: ჩინეთში ახალი, უცნობი ვირუსის გამოჩენის შესახებ პირველი შეტყობინებები საერთაშორისო მედიაში ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში გამოჩნდა, თუმცა ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსს სერიოზულ საფრთხედ არ მიიჩნევდა და სიტუაციის მიჩქმალვას ცდილობდა. ამის დასტურად გამოდგება ვუჰანელი ექიმის ლი ვენიანგის ირგვლივ განვითარებული მოვლენები: მან ერთ-ერთმა პირველმა განაცხადა ახალი ვირუსის თაობაზე და შეატყობინა კოლეგებს. ხელისუფლებამ ექიმი დაიბარა, „უკანონო აქტივობებში“ დასდო ბრალი და გაფრთხილება მისცა. ვენიანგი მოგვიანებით კორონავირუსით დაავადდა და გარდაიცვალა.

ასევე გაჩნდა კითხვები, კორონავირუსის წარმოშობის თაობაზე. ამის დადგენას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები ჩინეთში, ვუჰანში ჩავიდნენ, საიდანაც დაიწყო ვირუსის გავრცელება. მათ უნდა გაეცათ პასუხი კითხვებზე – როდის წარმოიშვა ვირუსი? არის, თუ არა ვირუსი ხელოვნურად შექმნილი? საიდან გავრცელდა ვირუსი – ლაბორატორიიდან თუ ე.წ. სველი ბაზრიდან? ჯანმოს მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ “კოვიდ-19” ვუჰანის ლაბორატორიაში არ შექმნილა და სავარაუდო წყაროდ ღამურები რჩება, თუმცა ამას აშშ–ჩინეთს შორის დავა არ შეუწყვეტია: შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ადრე თქვა, რომ არსებობდა “მტკიცებულებების მნიშვნელოვანი რაოდენობა” იმის თაობაზე, რომ ახალი კორონავირუსი ჩინური ლაბორატორიიდან გამოვიდა. ჩინეთის ოფიციალური პირები კი აქცენტს აკეთებდნენ, რომ შესაძლოა, ვირუსი ჩინეთის გარეთ, მრავალ რეგიონში წარმოიშვა.

რუსი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ გარდა კომპენსაციისა, „აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიური კვლევები, რომლებსაც ისინი მთელ მსოფლიოში ატარებენ, უნდა შეწყდეს და განსაიდუმლოვდეს“. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორია მუდმივი სამიზნეა რუსული პროპაგანდის და საქართველოში არსებული პრორუსული ჯგუფების. პროპაგანდა ინტენსიურად გვთავაზობს სხვადასხვა შეთქმულების თეორიებს და „საფრთხეებს“ ბიოლოგიური იარაღის კონტექსტში. პროპაგანდა ასევე აქტიურია უკრაინის მიმართულებით.

სინამდვილეში, საქართველოსა და უკრაინაში არსებული ლაბორატორიები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება. ლაბორატორიების საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. აღნიშნული ლაბორატორიების ერთ-ერთი მიზანია, დაადგინოს ეპიდაფეთქებების წარმომავლობა - ბუნებრივი გავრცელებაა თუ ბიოტერორიზმის შედეგი.

როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ბიოლოგიური ლაბორატორიები „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ არსებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნული შეთანხმება კი, თავის მხრივ, ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების (NPT) ფარგლებში დაიდო.

როგორც საქართველო, ასევე უკრაინა პირნათლად ასრულებენ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მე-7 გადასახედი კონფერენციის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოების მიერ შემუშავდა გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების მექანიზმი, რომელიც გვევლინება ტრანსპარენტულობის ერთადერთ ინსტრუმენტად.

კრემლის მიერ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიის საპასუხოდ, 2018 წელს, თბილისის თხოვნით, საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი ეწვია, რომელშიც 17 ქვეყნის 22 ექსპერტი და დამკვირვებელი შედიოდა. თბილისმა რუსი ექსპერტებიც მოიწვია, თუმცა მოსკოვმა შემოთავაზება „კატეგორიულად უარყო“, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით. ვიზიტი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხის დადგენას მიეძღვნა. მისიის ანგარიშის თანახმად, ექსპერტებმა ცენტრის ყველა ობიექტი მოინახულეს და აღნიშნეს, რომ „ლაბორატორია თავის საქმიანობებში მნიშვნელოვან გამჭვირვალობას ავლენს. ვიზიტით მყოფმა ჯგუფმა ვერაფერი გამოავლინა, რაც შეუსაბამო იქნებოდა პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან მიზნებთან“. ამასთან, „ყველა დათვალიერებული აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდა იმ პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან კვლევით და დიაგნოსტიკურ მიზნებს, რაც ცენტრს აქვს გაცხადებული“- ვკითხულობთ ანგარიშში.იმავე წლის 4-7 დეკემბერს, გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.

მეტი "ბიოლოგიურ საფრთხეზე" რუსული პროპაგანდის შესახებ წაიკითხეთ აქ

ახალი ამბები

სხვა სიახლეები