კობახიძე ძალადობრივი ჯგუფის ირიბად დაცვას ცდილობს
06/07/2022 12:19:51 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტრადიციულად გააკრიტიკა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 ივლისს გაკეთებული განცხადების გამო, რომ საზოგადოება მასობრივი ძალადობიდან ერთი წლის თავზეც ელის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას და მას ფაქტებით საუბრისკენ მოუწოდა. აქ კობახიძემ სავარაუდოდ, ისარგებლა სამართლებრივი ნიუანსით – პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ზოგადი შეფასებით – „დამნაშავეები“. ხოლო სამართლებრივად დამნაშავეა როგორც მოძალადე, ისე ორგანიზატორი და წამხალისებელი. საქმე იმაშია, რომ მასობრივი, ორგანიზებული ძალადობის შემდეგ, რა დროსაც ათეულობით ჟურნალისტმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, რამდენიმე მოძალადე დააკავეს, მაგრამ არც ერთი – ორგანიზატორი. გარდა ამისა, ძალადობრივი ჯგუფის მხრიდან პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა მოქალაქეების დაგეშვა კონკრეტული ჯგუფების წინააღმდეგ, რაც ასევე მოითხოვს რეაგირებას ძალოვანი უწყებებისგან, რადგან ძალადობისკენ მოწოდებაც, თუ ის მყისიერ საფრთხეს ქმნის, ასევე სამართლებრივად რეგულირებულია. კრიტიკის საფუძველია პრემიერ–ღარიბაშვილის მიერ უკვე დაძაბულ ვითარებაში გაკეთებული განცხადება, რომ გადაწყვეტილებებს იღებს უმრავლესობა, რაც უკვე დაგეშილი ძალადობრივი ჯგუფისთვის „მწვანე შუქის“ ანთებად აღიქმება. მმართველი გუნდი კი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას სწორედ დაკავებულ ერთეულ ადამიანებზე აქცენტირებით ცდილობს.
იხილეთ ასევე: ამ პერიოდში პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები გაძლიერდნენ ქვეყანაში, რომლის 20%–იც ოკუპირებულია – პრეზიდენტი
სტრასბურგმა 5 ივლისის ძალადობის საქმეს შესაძლოა, პრეცედენტული მნიშვნელობა მიანიჭოს – GDI
„5 ივლისის დღეს ჩადენილი დანაშაულები პირდაპირ დაკავშირებულია 12 პუნქტთან, ერთ-ერთი პუნქტი უკავშირდება სწორედ ამას - გამოძიებასთან დაკავშირებით სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. ჩვენ, ამასთან დაკავშირებითაც ჩვენი გეგმა წარმოვადგინეთ. ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი უზრუნველყოფს ამ თემის შესახებ სრულ გამჭვირვალობას და ინფორმაციის სრულ გასაჯაროებას. რა თქმა უნდა, გამოძიება არის პროკურატურის საქმე და მეტიც, პარლამენტს საერთოდ არ შეუძლია ჩარევა ინდივიდუალური საქმეების განხილვაში, ეს არც შედის საპარლამენტო საზედამხედველო ფუნქციებში, მაგრამ სწორედ ამიტომ დავაკონკრეტეთ ჩვენ, რომ ინფორმაციის გასაჯაროება და სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იქნება სწორედ ადამიანის უფლებათა კომიტეტის პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ეს მოხდება პროკურატურასთან და შსს-სთან თანამშრომლობით. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, კიდევ ერთხელ, ის არ არის არც „ენჯეო“ და არც ოპოზიციური პარტია, შესაბამისად, მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, რომ ნებისმიერი განცხადება ფაქტებზე დაფუძნებით გააკეთოს. თუმცა, არცერთი ფაქტი მას არ მოუყვანია და შესაბამისად ეს სტანდარტი მან დაარღვია“,- განაცხადა კობახიძემ.
მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა ხელისუფლება კანონის ამოქმედებას იმისათვის, რომ "ალტ-ინფოს" მიერ შექმნილი პარტია "კონსერვატიული მოძრაობა" აიკრძალოს. კობახიძემ განმარტა ტექნიკური დეტალები, რომ ამის გაკეთება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია. თუმცა არ მოსწონს სახალხო დამცველის მიერ კოკრტეული პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის ბაზაზე დაფუძნებული პარტიის აკრძალვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი:
იხილეთ ასევე: ომბუდსმენმა ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ პარტიის წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა
„ბუნებრივია, ალტ-ინფოს მიმართ არავითარი სიმპათიები არ გვაქვს, მით უმეტეს, რამდენიმე დღის წინ ოფისთან იყვნენ მოსული და გვაგინეს. რაც შეეხება თვითონ სახალხო დამცველის ინიციატივას, როგორც იურისტი შევაფასებდი, სახალხო დამცველი თავისი ფუნქციით არის მთავარი ადვოკატი, ეს არის მისი კონსტიტუციური ფუნქცია, ის არის ადვოკატი და ყოველ ჯერზე, მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება მიუღებელ ადამიანს, მაგალითად, დამნაშავეს, ის უნდა აკვირდებოდეს იმას, თუ რამდენად არის მისი უფლებები დაცული. მაგალითად, ადამიანს აქვს ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, მოკლა 5 კაცი - მისი უფლებების დაცვასაც კი უნდა აკვირდებოდეს სახალხო დამცველი და ადვოკატის პოზიციიდან უნდა უყურებდეს ამას. ამ შემთხვევაში კომიკური რა არის, როცა საქმე ეხება პარტიის აკრძალვას, ეს არის ამ ძირითად უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა. შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩარევის მძიმე ფორმაა. ასეთ დროსაც სახალხო დამცველი უნდა გამოდიოდეს ყველა შემთხვევაში, როგორც ადვოკატი, თუმცა, სახალხო დამცველმა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით არის ადვოკატი, თავის თავზე აიღო პროკურორის ფუნქცია, რაც ზუსტად ეწინააღმდეგება მის მანდატს“.
კობახიძეს არც ენმ–ის ხსენების ტრადიციისთვის უღალატია:
„როდესაც საქმე ეხება მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც წლების მანძილზე ძალადობდნენ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა“ გვახსენდება, რომელიც 9 წლის წლის განმავლობაში ძალადობდა ხალხზე ბიზნესის რეკეტის ფორმით, პატიმრების გაუპატიურებისა და წამების ფორმით და რომელიც საზოგადოებაზე ძალადობას ახლაც აგრძელებს ოპოზიციის რიგებიდან", - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ალტ - ინფოს“ შორის არა ტოლობის, მეტობის ნიშანს სვამს:
„არავითარი ტოლობის ნიშანი. „ნაცმოძრაობაზე“ მეტი რუსი არავინ არის საქართველოში, იმიტომ, რომ 20% რუსეთს ჩააბარა არა „ალტ-ინფომ“, არამედ „ნაცმოძრაობამ“. სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარა არა „ალტ-ინფომ“, არამედ „ნაცმოძრაობამ“. შესაბამისად, „ნაცმოძრაობაზე“ მეტი რუსეთი საქართველოში, ბუნებრივია, არავინ არის".


