"სანქციების საკითხი წამოჭრილია არამხოლოდ ევროკავშირში, აშშ-ის დღის წესრიგშიც დადგა"
06/07/2022 13:22:31 პოლიტიკა
დეპუტატი „ლელოდან“ სალომე სამადაშვილი ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორის მაიკ მაკფოლის განცხადებას მოსალოდნელი სანქციების თაობაზე და ამბობს, რომ სანქციების საკითი არა მხოლოდ ევროკავშირის, აშშ–ის დღის წესრიგშიც დგას.
მისი თქმით, მსგავს განცხადებას შემთხვევით არ აკეთებს ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელსაც სანქციები უნდა დაუწესდეს რუსეთის ხელშეწყობისთვის უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში:
„ჩვენ ადრეც მოგვისმენია არაერთხელ მინიშნებები იმაზე, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პირდაპირ უწყობს ხელს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება მოხდეს სანქციების რეჟიმის არიდებისთვის და ახლა მოვისმინეთ განცხადება, რომ სავარაუდოდ, სწორედ საქართველოში ხდება ისეთი საქმიანობა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს რუსეთისთვის დახმარების გაწევად. დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ინფორმაცია საჯარო შეიძლება გახდეს გაცილებით გვიან, მაგრამ სიგნალი არის ძალიან ნათელი და ეს სიგნალი არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან, რომლებიც დღეს არიან გაერთიანებული სტრატეგიული ამოცანის გარშემო და ეს არის რუსეთის დამარცხება რუსეთ-უკრაინის ომში, სადაც სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება სულ უფრო ეჭვქვეშ აყენებს იმას, თუ სად დგას საქართველო ამ დაპირისპირებაში თავისუფალ სამყაროს და რუსეთს შორის.
არ მსურს სპეკულაციებში შევიდე, ვის შეეხება სანქციები, მისი დაწესების შემთხვევაში, თუმცა, ფაქტი არის ერთი, რომ დღეს სანქციების საკითხი წამოჭრილია არამხოლოდ ევროკავშირში, აშშ-ის დღის წესრიგშიც დადგა, ამ მიმართულებით ალბათ, უნდა ველოდოთ გადაწყვეტილებებს უახლოეს მომავალში,"- განაცხადა სამაშვილმა.
მაკფოლმა სანქციების შესახებ "პალისტრანიუსთან" ისაუბრა:
"ჩვენ ვადგენთ დასასანქცირებელი პიროვნებების სიებს. სამუშაო დოკუმენტი #3 ადგენს კრიტერიუმებს, როგორ გავაფართოვოთ სანქცირებული პიროვნებების სია, რომელიც ათასებს აღწევს რუსეთის შიგნით. ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები".


