
"შეშფოთებული ვართ რეგიონში რუსული სამხედრო გაძლიერებით და ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსთან"
03/10/2019 14:44:17 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტმიოლერის განცხადებით, ალიანსი შეშფოთებულია შავი ზღვის რეგიონში რუსული სამხედრო გაძლიერებით და აძლიერებს თანამშრომლობას საქართველოსა და ნატო–ს საზღვაო ძალებს შორის. ამის შესახებ ნატო–ს მაღალჩინოსანმა ბათუმში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა და რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს რეგიონიდან ჯარები.
„ჩვენ დღეს ხუთი წლის იუბილეს აღვნიშნავთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხელმოწერის შემდეგ, რომელიც თქვენი ქვეყნის თავდაცვას გააძლიერებს, ერთიანი წვრთნისა და შეფასების ცენტრის და ერთობლივი წვრთნების მეშვეობით. დღეს შევთანხმდით, რომ განვაახლოთ არსებითი პაკეტი, ალიანსის წევრებმა რესურსების დაპირება გააკეთეს.
თქვენ მოახდინეთ თქვენი ინსტიტუტების გაძლიერება, მოახდინეთ მოდერნიზება თავდაცვის ძალების თავდაცვის ბიუჯეტის გაფართოებით. მოგიწოდებთ და მხარს გიჭერთ ამ მიმართულებით, რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით. მხარს გიჭერთ იმ რეფორმების განხორციელებისთვის, რომელიც ნატოსთან აახლოებს საქართველოს.
ბრიუსელის სამიტზე 2018 წელს ალიანსის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო ალიანსის წევრად იქნება მიღებული. ნატო-ს კარი ღია რჩება, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს საქართველოს მხარდაჭერა სუვერენიტიტის, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის მისამართით.
რუსეთს მოვუწოდებთ, გაიწვიოს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება და გაიყვანოს საქართველოს ამ რეგიონებიდან ჯარები. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ, შავი ზღვის რეგიონში რუსული სამხედრო გაძლიერებით და ამიტომაც ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის“,-განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა როუზ გოტმიოლერმა.