
ავსტრიაში თანამდებობა „თავისუფლების პარტიის“ ყველა მინისტრმა დატოვა
20/05/2019 20:28:06 სხვა, მსოფლიო
ავსტრიაში ვიცე-კანცლერ ჰაინც-კრისტიან შტრახეს მონაწილეობით კორუფციული სკანდალის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, თანამდებობა დატოვა ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ყველა მინისტრმა: საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ტრანსპორტისა და სოციალურ საკითხთა.
მანამდე ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ქვეყნის პრეზიდენტს შინაგან საქმეთა მინისტრის, რომელიც ასევე „თავისუფლების პარტიის“ წევრა, თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.
შეგახსენებთ, რომ სკანდალური ვიდეოს გავრცელების შემდეგ ავსტრიის კანცლერმა პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნებს დანიშვნისკენ მოუწოდა.
ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ შტრახე და „თავისუფლების პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი იოჰან გუდენუსი 2017 წელს სახელმწიფო სამშენებლო კონტრაქტების რუსი ბიზნესმენისთვის გადაცემას გეგმავდნენ, სანაცვლოდ კი მათ საპარლამენტო არჩევნების წინ ფინანსურ დახმარებას ჰპირდებოდნენ.
ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ვიცე-კანცლერმა ჰაინც-კრისტიან შტრახემ გადადგომის შესახებ განაცხადა. მან დატოვა ავსტრიის თავისუფლების პარტიის თავმჯდომარის პოსტიც.
2017 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ავსტრიის სახალხო პარტიამ სამთავრობო კოალიცია ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიასთან“ ჩამოაყალიბა.