
რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქში ძლიერ აფეთქებებს ხანძარი მოჰყვა
08/07/2022 06:13:16 ევროპა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ შახტარსკში ძლიერ აფეთქებებს ხანძარი მოჰყვა. ქალაქი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ხანძრის ამსახველ ვიდეო სოციალური ქსელებით ვრცელდება.
როგორც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მედია წერს, შახტარსკზე იერიში მიიტანეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
შახტარსკის მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, მოქალაქეთა ევაკუაცია დაიწყო ქალაქის სამხრეთში მდებარე ორი მიკრორაიონიდან. სავარაუდოა, რომ სარაკეტო შეტევა საბრძოლო მასალების საწყობზე განხორციელდა.