დეგნანი: "აშშ–ს და ევროპას არ სურთ, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაითრიონ!"

08-07-2022 20:29:04

შეერთებულ შტატებს და ევროპას არ სურთ, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაითრიონ,– კიდევ ერთხელ გაიმეორა ეს გზავნილი დღეს საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა და ამ განცხადებით უპასუხა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატის მიერ შემოთავაზებულ შეთქმულების თეორიას.

ელჩმა აღნიშნა, რომ წერილი „ტყუილითა და შეთქმულების თეორიებით“ იყო სავსე, ამიტომ ბოლომდე ვერც წაიკითხა და შეახსენა დეპუტატს, რომ აშშ მხარს ქართველ ხალხს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს უჭერს და არა კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს.

ელჩმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების დეზინფორმაციული გზავნილები მმართველი გუნდის ზოგიერთი ლიდერისას ემთხვევა:

„წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულების თეორიებით, ბოლომდე ვერც წავიკითხე. მას ნამდვილად არ ესმის, რომ აშშ მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქართველ ხალხს, ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომელიც კონსტიტუციის თანახმადაა შექმნილი. მაგალითად, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი. მათ აქვთ კონსტიტუციური მანდატი, დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება. ნებისმიერი დემოკრატიისთვის საშიშია, როცა ხდება დამოუკიდებელი ინსტიტუტების ძირის გამოთხრა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ საკითხზე, რომელიც უკვე ითქვა, რომ ტყუილია: შეერთებულ შტატებს და ევროპას არ სურთ, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაითრიონ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს და ის დასრულდეს. შტატები მუშაობს მშვიდობისთვის და მზადაა, ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც აქვს მშვიდობისთვის ძალისხმევის გაწევის სურვილი.

ვფიქრობ, პრემიერმა ნატოს სამიტზე კარგად დაინახა ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია პუტინის მიერ გაჩაღებული სასტიკი და აგრესიული ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისკენ. ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების ნარატივი რატომღაც ძალიან ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს, რომლებიც იმეორებენ დეზინფორმაციას. ჩემი შეკითხვა იქნება, რა არის მათი მოტივი, როდესაც იმეორებენ ტყუილს და დეზინფორმაციას?“,– განუცხადა ჟურნალისტებს დეგნანმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები