
ჰარცელი – მთავრობის მხრიდან ევროპული ინსტიტუტების კრიტიკაზე: "ისინი ცდილობენ, საქართველოს წინსვლისადმი ევროკავშირის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას"
10/07/2022 07:09:41 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ვინც "ზოგჯერ აკრიტიკებენ ან ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, აშკარად ცდილობენ, ამით საქართველოს წინსვლისადმი ევროკავშირის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას". ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, "როგორ უყურებთ საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროპული ინსტიტუტების კრიტიკას ზოგადად - იქნება ეს ევროპის პარლამენტი, პარლამენტის წევრები თუ სხვა? რამდენად ეხმარება ეს საქართველოს დაწინაურებაში? ეს კითხვა ერთგვარად ჩემ წინა შეკითხვასაც უკავშირდება, მაგრამ ახლა უფრო მეტად ევროპულ ინსტიტუციებზე გეკითხებით", ელჩმა შემდეგი აღნიშნა:
"მე შემიძლია პატივისცემით გავუგო ყველას, ვინც სასოწარკვეთილია არსებული სიტუაციით და უფრო სწრაფად სურს წინსვლა. ვფიქრობ, ჩვენ ამას ვხედავთ ყველა პოლიტიკური მხარისგან, რიგითი მოქალაქეების ჩათვლით. მთავარი აქ არის ის, რომ იმედგაცრუება გამოყენებული იქნას, როგორც სტიმული უფრო გადამწყვეტი და უწყვეტი ქმედებების განსახორციელებლად, რათა ევროკავშირის ინსტიტუტებს დაუმტკიცოთ, რომ ისინი საკუთარ დამოკიდებულებასა და შეშფოთებაში ცდებიან და რაც მთავარია, დააწინაუროთ ქვეყნის პრო-ევროპული დღის წესრიგი. ჩემი აზრით, ამაში ცუდი არაფერია.
რაც მე მაშინებს არის ის, რომ ისინი, ვინც ზოგჯერ აკრიტიკებენ ან ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, აშკარად ცდილობენ ამით საქართველოს წინსვლისადმი ევროკავშირის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას. კრიტიკის ეს კატეგორია, ჩემი აზრით, ცინიკურია და რაც მთავარია, საზიანოა საქართველოსთვის და ასევე საზიანოა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის.
ფაქტი ისაა, რომ საქართველოს შესთავაზეს იმ კარში შესვლა, რომელიც ახლა ევროკავშირისკენ სვლისთვის ღიაა. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა და მან უნდა უზრუნველყოს, რომ გასცდეს ამ კარის ზღურბლს. ეს ასევე არის ქვეყანა, რომელმაც წარსულში მიაღწია და გააფორმა ხელშეკრულებები ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმის შესახებ. ჩვენ იმ დღეებში დიდი ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ქვეყანა რომელსაც რეალურად შესწევს უნარი, გააკეთოს საქმე. ეს უნარი ცხადად ჩანს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია, არის ის, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს. ეს უზარმაზარი ძალაა. ეს, ჩემი აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ საბოლოო ჯამში, საქართველო შეუჩერებელი იქნება. შეკითხვა უბრალოდ იმაში მდგომარეობს, თუ ეს როდის და როგორ მოხდება".