
უკრაინამ შესაძლოა, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია აღიაროს
12/07/2022 11:45:37 კავკასია
უკრაინამ შესაძლოა, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია აღიაროს. შესაბამისი დადგენილების პროექტი უმაღლეს რადას ფრაქციათაშორისი ჯგუფის "თავისუფალი კავკასიისთვის" დამფუძნებელმა ალექსეი გონჩარენკომ წარუდგინა.
«რუსეთმა ორი ომის დროს ჩეჩნეთის მასირებული დაბომბვები და საარტილერიო შეტევები განახორციელა, რის შედეგადაც თითქმის სრულად დაინგრა ქალაქები გროზნო და არგუნი (ისევე, როგორც ამჯერად უკრაინაში - ქალაქები მარიუპოლი, სევეროდონეცკი და ათეულობით სხვა)... იჩქერიის ომები უკვე გვეხმარება, დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა რუსეთთან ომში. ამდენად, მოვუწოდებ კოლეგებს, რაც შეიძლება, სწრაფად მიიღონ ეს რეზოლუცია და შესთავაზონ პრეზიდენტ ზელენსკის, სცნოს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობა" - წერს გონჩარენკო "ფეისბუქში" პირად გვერდზე.
ანალოგიური მოწოდებით მან აშშ-ს, ევროკავშირის ქვეყნებსა და სხვა სახელმწიფოებსაც მიმართა.
ერთი თვით ადრე გონჩარენკომ რადას ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა, მანამდე კი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოვიდა მოწოდებით ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების გათავისუფლების თაობაზე, განმარტა რა, რომ "რუსეთი რეგიონში იმპერიალისტურ პოლიტიკას განაგრძობს".
ცნობისთვის: ივლისის დასაწყისში იჩქერიის დევნილმა მთავრობამ უკრაინაში თავის კონსულად 43 წლის იური შულიპა დანიშნა.