
უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ჟურნალისტებმა სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით მიმართეს
13/07/2022 08:27:37 სამართალი
მედიაომბუდსმენიმა 10 ჟურნალისტის - გიორგი მგელაძის, ნინო ჟიჟილაშვილის, სოფია მაისურაძის, გიორგი დარჩიაშვილის, ნინო ბიძინაშვილის, ინგა გრიგოლიას, ნოდარ მელაძის, თამთა დოლენჯაშვილის, თამუნა ჩიხლაძისა და გუელა ბოჩიკაშვილის მიმართ უკანონო ფარული მოსმენა - მიყურადების საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა.
მედიაომბუდსმენის განცხადებით, თბილისის პროკურატურამ ჟურნალისტებს არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო გენერალური პროკურატურა ამ დრომდე უმოქმედოა.
„საქმე ეხება 2021 წლის 1 აგვისტოს და 13 სექტემბერს გავრცელებულ ე.წ. კრებსებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდოდ, უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ. დაახლოებით, 58 000-მდე ფაილში ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაციაა. ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს.
მოთხოვნის მიუხედავად, თბილისის პროკურატურამ ჟურნალისტებს არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო გენერალური პროკურატურა არასამთავრობო ორგანიზაციების 2022 წლის 18 მაისს გავრცელებული ერთობლივი მიმართვის [1] მიუხედავად, ამ დრომდე უმოქმედოა.
სამწუხაროდ, საქართველოში სასამართლო ხელისუფლებამაც უარი თქვა ჟურნალისტების უფლებების დაცვის გარანტიების შექმნაზე - დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარით მედიის წარმომადგენლებს საგამოძიებო პროცესში უფრო ეფექტიანად ჩართვის შესაძლებლობა არ მისცა.
საჩივრის საფუძვლები ევროპარლამენტის 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაშიც [2] არის მითითებული, სადაც სხვა მოთხოვნათა შორის, პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება მოსმენების საქმესთან დაკავშირებით, დანერგოს სათანადო საკანონმდებლო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესებისთვის.
საქმის წარმატებული წარმოება მედიის უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს და გახდება წინაპირობა შეიქმნას ძლიერი გარანტიები ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით, გამყარდეს ჟურნალისტების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის ხარისხი და ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალობის სტანდარტი.
მალე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი ჟურნალისტის ხატია შამანაურის სარჩელი გაიგზავნება. მედიის წარმომადგენლების დაცვა შესაძლებელი გახდა ღია საზოგადოების ფონდი „I Open Society Georgia Foundation“-ის მხარდაჭერით“, - ნათქვამია მედიაომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.