
აფხაზეთი რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გაუქმებას 2024 წლისთვის გეგმავს
13/07/2022 09:35:23 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გაუქმებას 2024 წლისთვის გეგმავს. სოხუმის ხელისუფლებამ ამ გაუქმებას რბილი ფორმულირება - "თავისუფალი გადაადგილება" მოუძებნა და აცხადებს, რომ მისი ამოქმედება ერთ წელიწადში, მაქსიმუმ, წელიწადნახევარში იგეგმება.
«ეს საკითხი დამუშავების პროცესშია. უკვე წელს ფსოუზე მიმოსვლის გამარტივება იგეგმება, თუმცა როგორც 2014 წლის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებითაა გათვალისწინებული, გვსურს, აქ ადამიანების, ტვირთების, მომსახურებების გადაადგილება თავისუფალი გავხადოთ, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. შეთანხმების ამ პუნქტის რეალიზებისთვის პირობები უკვე შექმნილია, თუმცა ეს მოითხოვს ასევე გარკვეულ სამართლებრივ, საორგანიზაციო და მოსამზადებელ სამუშაოებს. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ», – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბაშკირეთში ვიზიტისას.
მისივე თქმით, "ყოველწლიურად ამ საზღვარს 11 მლნ-ჯერ კვეთენ და ვიზიტორთა 99% რუსეთის მოქალაქეა".