
უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
14/07/2022 04:55:56 ევროპა
უნგრეთში რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შტაბის უფროსმა, გერგელმა გულიასმა ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის შვიდპუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა.
”ევროპაში ყველგან ძალიან რთული სიტუაციაა ომისა და საპასუხოდ მიღებული სანქციების გამო". - თქვა მან და აღნიშნა, რომ ახალი გეგმა ძალაში აგვისტოში შევა.
მისივე თქმით, მთავრობა გაზრდის ბუნებრივი გაზის შიდა მოპოვებას 1.5-დან 2 მილიარდ კუბურ მეტრამდე; მთავრობა ხელახლა გახსნის ელექტროსადგურს მატრაზე და გაახანგრძლივებს პაკსის ატომური ელექტროსადგურის მუშაობას ბუდაპეშტის მახლობლად.
ადამიანებს, რომლებიც მოიხმარენ საშუალოზე მეტ ენერგიას, საფასურის გადახდა საბაზრო ფასით მოუწევთ და არა სუბსიდირებული სახელმწიფო განაკვეთებით, რამაც პრემიერ–მინისტრის შტაბის უფროსის თქმით, შესაძლოა, გავლენა იქონიოს მოსახლეობის მეოთხედზე.
ამჟამად უნგრეთს ნავთობის 65%-ს და გაზის 80%-ს რუსეთიდან შეაქვს.