
რუსული გაზი ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტშიც ვერ მოხვდება
14/07/2022 05:29:35 ევროპა
რუსეთიდან გაზის იმპორტის აკრძალვა, რასაც დიდი ხანია, ითხოვს უკრაინის ხელისუფლება, უწოდებს რა მას ომის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარ წყაროს, ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტშიც ვერ მოხვდება.
როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რუსულ გაზს სანქციები ვერ შეეხება, რადგან ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა სწრაფად ადაპტირებას ვერ ახერხებს.
ჩეხეთის პრემიერის თქმით, სანქციებს უფრო დიდი გავლენა რუსეთზე უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმ ქვეყნებზე, რომლებიც სანქციებს აწესებენ, ბევრი სახელწიფო კი, ისევ რუსულ გაზზეა დამოკიდებული. მათ შორისაა ჩეხეთიც. ფიალას განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, მაგრამ ეს ამ ზამთრისთვის ვერ მოხერხდება.
მისი ინფორმაციით, სანქციების მეშვიდე პაკეტი მოიცავს რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას და გაფართოებას ორმაგი დანიშნულების იმ პროდუქციისა, რომელსაც რუსეთი ევროკავშირის სახელმწიფოებისგან ვეღარ მიიღებს. გაიზრდება სანქცირებული ფიზიკური პირების რიცხვიც. ევროკომისია სანქციების მეშვიდე პაკეტს უახლოეს ხანში წარმოადგენს, რის შემდეგაც მას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები დაამტკიცებენ.