
სოხუმი ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებით მოსკოვის ინიციატივას იზიარებს
14/07/2022 07:15:12 კონფლიქტები
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა იზიარებს მოსკოვის ინიციატივას ჟენევის საერთაშოისო დისკუსიების ფორმატისა და ადგილის შეცვლის თაობაზე. ამის შესახებ მან აფხაზეთში რუსეთის ახალი "ელჩის" შურგალინის მიღებისას განაცხადა.
"სიტუაცია ჩვენს რეგიონში საკმაოდ დაძაბულია. ჟენევის დისკუსიები ამჟამად დაპაუზებულია არა ჩვენი, არამედ საქართველოსა და დასავლელი მონაწილეების სურვილით. გამოვდივართ ინიციატივით, ჟენევის პლატფორმა პოლიტიკურად ნაკლებ ანგაჟირებულით შეიცვალოს, ისევე, როგორც მისი გამართვის ადგილი - სხვა ქალაქით, სადაც ყველა მონაწილეს თანაბარი შესაძლებლობები და პირობები ექნება მუშაობისთვის, მათ შორის - აფხაზეთსაც" - განაცხადა არძინბამ.
ახალ "ელჩთან" შეხვედრაზე მან უკრაინაში რუსეთის ქმედებებისადმი მხარდაჭერაც გამოხატა.
«ვხედავთ, რომ სპეციალური ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს, ამოცანები სრულდება. ჩვენ ვავითარებთ ურთიერთობებს რესპუბლიკებთან [დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან - რედ.], ვამზადებთ მათთან შესაბამის შეთანხმებებს. ამ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ», – დასძინა არძინბამ.
ცნობისთვის: მანამდე მიხეილ შურგალინი გახლდათ რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რომელიც აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთს" კურირებდა.