
"მომავალი წლისთვის ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს"
04/10/2019 13:56:08 კონფლიქტები, სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საჭიროა, ყველა საშუალებით დავძლიოთ ოკუპაცია და ამაში უფრო მეტად გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთად მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
„განვიხილეთ პერსპექტივები, რაც გააჩნია საქართველოს, საქართველო-ნატოს თანამშრომლობა, რომელიც ყოველწლიურად უნდა გაღრმავდეს. მომავალი წლისთვის ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს, რომ არსებითი პაკეტი იყოს არა მხოლოდ განახლებული, როგორც ითქვა, იყოს გაძლიერებული, გაღრმავებული და კონკრეტული შესაძლებლობის საქართველოსა და ნატო–ს შორის თანამშრომლობის. 2 მიმართულება იქნა განხილული ამ კუთხით. ერთი არის შავი ზღვის მიმართულება, რომელიც უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ურთიერთობისთვის არა მხოლოდ ნატო-სთან, არამედ ევროკავშირთან. ეს არის ის სამკუთხედი, რომელიც ჩვენთვის, ჩვენი განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის ნამდვილად არსებითია და ჩვენ გვაქვს გეგმები იმისთვის, რომ ამ კუთხით გაძლიერდეს თანამშრომლობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ამ რანგში პრეზიდენტმა კიბერუსაფრთხოება დაასახელა და აღნიშნა, რომ საქართველოსაც სჭირდება დახმარება.