
ბაიდენი – 9 არაბული ქვეყნის ლიდერს: "აშშ არ დაუშვებს ახლო აღმოსავლეთში ჩინეთის, რუსეთის ან ირანის დომინირებას"
17/07/2022 05:57:42 მსოფლიო
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ არ დაუშვებს ახლო აღმოსავლეთში ჩინეთის, რუსეთის ან ირანის დომინირებას. შესაბამისი განცხადება ბაიდენმა არაბული ქვეყნების ლიდერების სამიტზე გააკეთა.
"შეერთებული შტატები აპირებს, ახლო აღმოსავლეთში აქტიურად ჩართული პარტნიორი იყოს. ჩვენ არ წავალთ და არ დავტოვებთ ვაკუუმს, რომელსაც შეავსებენ ჩინეთი, რუსეთი ან ირანი", განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, "ამერიკის ინტერესები ახლო აღმოსავლეთის წარმატებებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული".
"ჩვენ ერთად ბევრი კარგის საქმის გაკეთება შეგვიძლია", – დასძინა აშშ–ის პრეზიდენტმა.
- "GCC+3" სამიტს ესწრებოდნენ "სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს" (GCC) წევრი ქვეყნები – ბაჰრეინი, ქუვეითი, ომანი, ყატარი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებულ საემიროები, ასევე –ეგვიპტე, ერაყი და იორდანია.
აღსანიშნავია, რომ სამიტზე წარმოდგენილი არც ერთი ქვეყანა ჯერ–ჯერობით არ შეერთებია აშშ–ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს,რაც ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია.
როგორც The Guardian იუწყება, არაბეთის გაერთიანებული საემიროები რუსი მილიარდერებისა და მათი მრავალმილიონიანი იახტების ერთგვარ ფინანსურ თავშესაფარად იქცა. ეგვიპტე ღიაა რუსი ტურისტებისთვის.
გარდა ამისა, სამიტზე დამსწრე ახლო აღმოსავლეთის 9 სახელმწიფოს მეთაურს შორის სერიოზული განხეთქილებაა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
- მაგალითად, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები ცდილობენ, ირანის იზოლირებას. ომანსა და ყატარს მყარი დიპლომატიური კავშირები აქვთ ირანთან და შუამავლები არიან ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებებში.
- ყატარმა ცოტა ხნის წინ უმასპინძლა მოლაპარაკებებს აშშ-სა და ირანის ოფიციალურ პირებს შორის. ისინი ცდილობენ, აღადგინონ ირანის ბირთვული შეთანხმება.
- სპარსეთის ყურეში ირანსა და ყატარს აქვთ საერთო, უზარმაზარი, წყალქვეშა გაზის საბადო. აღსანიშნავია, რომ ირანი მყისიერად დაეხმარა ყატარს, როდესაც საუდის არაბეთმა, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ შეწყვიტეს ურთიერთობა ყატართან და დააწესეს მრავალწლიანი ემბარგო ყატარზე, რომელიც დასრულდა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ბაიდენი აშშ–ის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებდა.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენის რიგმა ქმედებებმა ზოგიერთ არაბ ლიდერში იმედგაცრუება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იემენში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობაში, მისმა გადაწყვეტილებამ, გაეუქმებინა ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯი, "იემენის მეამბოხე ჰუთების" ტერორისტულ ჯგუფად გამოცხადების თაობაზე, არაბთა გაერთიანებულ საემიროებისა და საუდის არაბეთის ხელმძღვანელობის აღშფოთება გამოიწვია.