„კრემლი უკმაყოფილოა“: ისტორიული შეხვედრა მოსკოვის გვერდის ავლით

18-07-2022 20:36:28 პოლიტიკა ,ანალიზი

ისტორიული შეხვედრა, რომლისთვისაც დიდი ხანია ყველაზე ბუნებრივ, ადეკვატურ ადგილად თბილისი განიხილებოდა, მათ შორის, ლოჯისტიკური, სომხეთთან და აზერბაიჯანთან პარტნიორულ–სტრატეგიული ურთიერთობების, მშვიდობისადმი მკაფიო ინტერესის გათვალისწინებით, 16 ივლისს საქართველოში შედგა: სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან პირისპირ.

უშუალოდ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ პროცესზე დამკვირვებლებისთვის – არსებობს ცნობები, რომ ეს მოულოდნელი იყო თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საელჩოებისთვისაც კი. არც მხარეებს შორის არსებული დაძაბულობა მიანიშნებდა მსგავსი შეხვედრის მზადებაზე.

მაგალითად, მოლაპარაკებებს წინ უსწრებდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საკმაოდ ხისტი განცხადება, რომელმაც გამოკვეთა სამი, მისი ხედვით სომხურ-აზერბაიჯანული უთანხმოების მთავარი კვანძები: სატრანსპორტო დერეფნები; ყარაბაღის სტატუსი, რომელზეც სომხეთი აქცენტირებს და ის, რომ ალიევის თქმით, ყარაბაღში კვლავ რჩებიან სომეხი ჯარისკაცები. თუმცა საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ალიევმა პირველად მოიხსენია რუსეთი არა როგორც შუამავალი ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობებში, არამედ როგორც მხარე და დაადანაშაულა ის ყარაბაღის კონტექსტში შეთანხმების შეუსრულებლობაში. კიდევ უფრო მანამდე ალიევმა აშშ–ის პრეზიდენტს მიმართა სომხეთთან ურთიერთობის დარეგულირებაში დახმარების თხოვნით. და ის გარემოებაც, რომ ორმხრივ შეხვედრას მალევე პოზიტიურად გამოეხმაურნენ ევროკავშირიდან და აშშ–დან, პროცესზე რიგ დამკვირვებლებს მიანიშნებს პროცესში დასავლეთის ჩართულობაზე.

„მსგავსი მნიშვნელობის შეხვედრები სწორედ ასე, მოულოდნელად იმართება. როგორც ჩანს, თბილისი, ბაქო და ერევანი საკითხზე ჩუმად მუშაობდნენ და ეს ძალიან კარგია“,– ამბობს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი თორნიკე შარაშენიძე და დასძენს, „ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მიიღებს ეს რეგულარულ ხასიათს. იმედია, ერთჯერად შეხვედრად არ დარჩება. ჩვენ ვხვდებით, რომ ამ ორი მინისტრის რუსეთის გარეშე დასმა მოსკოვს ძალიან გააღიზიანებს, რადგან ომის შემდეგ მხარეების დაზავება სწორედ რუსეთის თანდასწრებით მოხდა. ამდენად, ეს ძალიან სერიოზული მიღწევაა“.

ანალიტიკოსის დაკვირვებით, ამჟამად რუსეთი კონცენტრირებულია უკრაინაზე, ამ გარემოებით და დასავლეთის მხარდაჭერით ისარგებლა, მათ შორის, ქართულმა მხარემ:

„უკრაინის მოვლენების გამო რუსეთი შედარებით მოწყვეტილია კავკასიას. მისთვის არ არის მარტივი, მყისიერად გადმოერთოს, მით უფრო, აზერბაიჯანთან ათამაშოს „კუნთები“, რომელიც ძალიან ძლიერია.

თუ გავიხსენებთ, რომ ბლინკენმა ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა ამ შეხვედრის მიმართ, რა თქმა უნდა, მინიმუმ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს აშშ–ის დაინტერესებით მოხდა, შესაძლოა, ჩართულობითაც. მხოლოდ ჩვენ ვერ უზრუნველვყოფდით ამ შეხვედრას. აქ ჩვენი მთავარი როლი არის ის, რომ ეს შეხვედრა რუსების გარეშე მოხდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია! გასაგებია სომხეთის დამოკიდებულება რუსეთზე, მაგრამ თუ ის აზერბაიჯანთან დაალაგებს ურთიერთობას, ომი აღარ ექნება, მის უსაფრთხოებას საფრთხე მოეხსნება და რუსეთზე დამოკიდებულებაც შემცირდება. შესაბამისად, აზერბაიჯან–სომხეთის დაახლოება ავტომატურად ნიშნავს რუსული გავლენის შესუსტებას, მათ შორის, სომხეთზე. სომხეთი თავის დაღწევას ცდილობს. ფაშინიანი არც არასდროს მალავდა თავის უფრო მეტად პროევროპულ განწყობას“.

რუსეთის უკმაყოფილებაზე შარაშენიძის დაკვირვებას იზიარებს აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი, „მუსავათის“ ლიდერი არიფ ჰაჯილი:

„ჩვენ ჯერ კიდე 2020 წლის ნოემბერში შევთავაზეთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას სომხეთის ხელმძღვანელობასთან პირისპირ, შუამავლის, განსაკუთრებით რუსეთის გარეშე მოლაპარაკება თბილისში გაემართა. ჯერ ერთი, თბილისი ახლოსაა. საქართველო მეზობელი სახელმწიფოა, რომელსაც ნორმალური ურთიერთობა აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან. და ეს ის ქვეყანაა, რომელიც რეალურადაა დაინტერესებული მეზობელ ქვეყნებში მშვიდობით. ხოლო მოსკოვის ინტერესში კონფლიქტის გაგრძელებაა: ყარაბაღის კონფლიქტის მეშვეობით მოსკოვი თავის გავლენის ქვეშ ინარჩუნებს აზერბაიჯანს და სომხეთსაც. 44-დღიანი ომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამდგომლობით, რამდენიმე პატიმარი გაათავისუფლეს. ეს კონფლიქტის რეგულირებისთვის კარგი დასაწყისი იყო, რაც დიდხანს არ გაგრძელებულა და კრემლმა სწრაფად განაახლა მონოპოლია ყარაბაღის კონფლიქტის ყველა საკითხზე. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ვითარება მკვეთრად შეიცვალა და ეს აისახება ჩვენს რეგიონზეც. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ მოსკოვი არ არის კმაყოფილი მოლაპარაკებების ამ ფორმატით. მაგრამ მოსკოვის გარდა, პრორუსულ სომხურ ოპოზიციასაც არ სურს მოლაპარაკებების წარმატება, იციან რა, რომ თუ ის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდება, ისინი ხელისუფლებას ვერ ეღირსებიან“.

აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი „აქცენტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამჟამად რუსეთს აღარ ძალუძს, ისევე მოახდინოს გავლენა სამხრეთ კავკასიის მოვლენებზე, როგორც ამას ადრე აკეთებდა:

„უკრაინის ომმა რუსეთის ბერკეტები შეასუსტა. ამჟამად ის უფრო მეტად არის დამოკიდებული ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ჩინეთი, თურქეთი... არ აქვს ფუფუნება, „იჩხუბოს“ მათთან, რაც ამცირებს კრემლის შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოს პოსტ საბჭოთა ქვეყნებზე. პირველ რიგში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთზე. აქედან გამომდინარეობს ამ ქვეყნების ლიდერების უფრო გაბედული ქცევა.

დღეს ილჰამ ალიევმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ. ხვალ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი დახურულ შეხვედრას გამართავს 0ნატო–ს ხელმძღვანელთან. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ აზერბაიჯანს კრემლისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება სურს. ხოლო სომხეთში სულ უფრო მეტნი ხდებიან რუსეთისგან დისტანცირების მომხრენი“.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, წარსულში საქართველოს ელჩი უკრაინაში, რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი იტოვებს იმედს, რომ მასპინძელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან გააჟღერა თანამშრომლობის თაობაზე იდეები, მათ შორის ერთიანი ეკონომიკური სივრცის შესახებ, რომელზეც მრავალი წელია, მიმდინარეობს საუბარი, თუმცა განხორციელებას ერევანსა და ბაქოს შორის არსებული უთანხმოება აფერხებს.

„ამ ძველი კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ ამ ორი ქვეყნის საქმეა, მაგრამ მანტრასავით ვიმეორებ, რომ სამმხრივი თანამშრომლობაა სამხრეთ კავკასიის პრობლემების გასაღები და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს პატარა ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადაიდგა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს სივრცე ეკუთვნის სამ სახელმწიფოს და მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება გარემო – სტაბილური, ინტეგრირებული, თუ კონფლიქტებით და უნდობლობით დახუნძლული. იმედია, მცირე პროგრესი მაინც მიიღწა შეხვედრაზე. ინფორმაცია ძალიან მწირია, თუმცა შეიძლება, ამ შემთხვევაში ისიც ითქვას, რომ ინფორმაციის ნაკლებობა (მხარეები შეხვედრას უსარგებლოს რომ არ უწოდებენ) უკვე პოზიტიური ამბავია“.

მისი ხედვით, თუ მხარეები შეთანხმდებიან თბილისში კვლავ შეხვედრაზე, ეს მინიმუმ, ორ მნიშვნელოვან გარემოებაზე იქნება მიმანიშნებელი: შუამავლის გარეშე საუბარი შეუძლიათ, რაც სერიოზული პროგრესია და მეორე – მათთვის კომფორტულია ერთმანეთთან თბილისში საუბარი.

ხოლო არიფ ჰაჯილი დარწმუნებულია, რომ თბილისში მოლაპარაკებების პერსპექტივა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა დიდწილად იქნება დამოკიდებული უკრაინაში პროცესების განვითარებაზე.

იხილეთ ასევე: ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში შეხვედრას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ტოივო კლაარი - ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს სომხეთისა და აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას, საქართველოში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: "ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის შედეგს გამოიღებს“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები