
კაცი მკვლელობისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირების საქმეზე დააკავეს
18/07/2022 17:53:39 სამართალი
შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 1968 წელს დაბადებული ვ.ც. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურება.
გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ვალთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ნაცნობს - 1982 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს, რომელიც თავის კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ვ.ც.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო.
კერძოდ, გარდაცვლილი მძღოლი მგზავრის სავარძელზე გადაიყვანა, მისი ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ხევში გადააგდო, შემდეგ სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა".
როგორც შსს აცხადებს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და ვ.ც. ბრალდებულის სახით ჭიათურის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.